Instagram-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2 მილიარდს აღწევს - პლატფორმა მაჩვენებლით Facebook-ს უახლოვდება

Instagram-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2 მილიარდს აღწევს - პლატფორმა მაჩვენებლით Facebook-ს უახლოვდება

მსოფლიო მასშტაბით, Instagram-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი ახლა უკვე 2 მილიარდს შეადგენს და ნელ-ნელა უახლოვდება კიდეც Facebook-ს, რომელზეც დაახლოებით 2.96 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ფიქსირდება. Meta-ს ინფორმაციით, 2 მილიარდს სცდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც ყოველდღიურად კომპანიის შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp-ს იყენებენ. საერთო ჯამში კი Meta-ს აპლიკაციებს, გლობალურად, 3.71 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ Instagram-მა, ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების 1-მილიარდიან ნიშნულს ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში მიაღწია. ათი წლის წინ Facebook-ის (ამჟამად Meta) მიერ აპლიკაციის შეძენამ სოციალური ქსელის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. Instagram-ი მომხმარებლებს მათი ინტერესების შესაბამისად ალგორითმულად შერჩეულ კონტენტს სთავაზობს, კომპანიამ ასევე დაამატა TikTok-ის სტილის მოკლე ვიდეოები, ე.წ. Reels-ები, რომლებიც პლატფორმის სხვა ვიდეოფორმატებთან შედარებით ბევრად უფრო პრიორიტეტულიც გახდა.

Meta-ს მხრიდან მსგავსი ტიპის ცვლილებები, სოციალური მედიის მზარდ ინდუსტრიაში, Instagram-ის აქტუალობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. Meta-ს შემოსავლების უდიდესი ნაწილი პლატფორმებზე განთავსებულ რეკლამებზე მოდის, რისთვისაც Meta-სთვის უმნიშვნელოვანესია, მომხმარებელი Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნდეს და სოციალურ ქსელებში უფრო მეტი დრო გაატაროს.

Instagram-ი, რომელიც 2012 წელს Facebook-მა შეიძინა, სარეკლამო ბიზნესის განვითარებას ცდილობს, რაც, როგორც უკვე გითხარით, Meta-ს შემოსავლის მთავარი მამოძრავებელია. გაურკვეველი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მარკეტოლოგები ციფრულ რეკლამებზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ, რაც სოციალური ქსელის გიგანტებს შორის კონკურენციას უფრო ამძაფრებს. აღსანიშნავია, რომ Instagram-ს მთავარი კონკურენტი უკანასკნელ წლებში ByteDance-ის TikTok-ის სახით გამოუჩნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *