გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. წლის დასასრულს კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი გააფორმა. მიუნხენის „ბაიერნმა“ კი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, დეილი ბლინდი დაიმატა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ New Balance-ი იტალიის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბს, „რომას“ მაისურის ტექნიკურ სპონსორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების განახლებას სთხოვს.

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებში მომხდარ სიახლეებს – ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე დაგეგმილ ორ მნიშვნელოვან ტურნირს გამოტოვებს. სამწუხარო ფაქტი მოხდა აშშ-ში – რალის ლეგენდად მიჩნეული კენ ბლოკი ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

სპორტული სიახლეების წინამდებარე მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს ეთმობა.

რონალდუ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელია

საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-ნასრმა“ კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. მან კლუბთან კონტრაქტი 31 დეკემბერს გააფორმა.

კონტრაქტის თანახმად, რონალდუ „ალ-ნასრში“ 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, პორტუგალიელის გარანტირებული ხელფასი წელიწადში 90 მილიონი აშშ დოლარი იქნება. რეკლამებთან და სპონსორობასთან დაკავშირებული გარიგებების წყალობით რონალდუს მთლიანი წლიური ხელფასი $200 მილიონ დოლარს მიაღწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ რონალდუს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, „ალ-ნასრში“ მისი დებიუტი მცირე დროით გადაიწევს. FIFA-მ ფეხბურთელი „მანჩესტერში“ თამაშისას, „ევერტონის“ წინააღმდეგ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა – პორტუგალიელმა გულშემატკივარი ბავშვის მობილური ტელეფონი დაამსხვრია. ამისთვის რონალდუს £50,000-იანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ფოტო: independent.co.uk

შეგახსენებთ, 37 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურად 22 ნოემბერს დატოვა. რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს ახალი კლუბი, „ალ-ნასრი“ მოცემული დროისთვის 26 ქულით საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში პირველ ადგილს იკავებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ადასტურებს, რომ აშშ-ის ორ ტურნირს გამოტოვებს

ჩოგბურთის სერბი ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ადასტურებს, რომ Indian Wells-ისა და Miami Open-ის ტურნირებს ზედიზედ მეორედ გამოტოვებს. დიდი სლემის 21-გზის გამარჯვებული, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაზე უარი თქვა, რეგულაციის გამო შეერთებულ შტატებში შესვლას ვერ შეძლებს.

ქვეყნის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) გადაწყვეტილებით ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს აშშ-ში შესასვლელად მოგზაურებს მინიმუმ 10 აპრილამდე მოსთხოვენ.

Indian Wells-ი და Miami Open-ი დიდი სლემის მიღმა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებად მიიჩნევა. პირველი მათგანი 6-დან 19 მარტამდე გაიმართება, მეორე კი – 20 მარტიდან 2 აპრილამდე.

ფოტო: ANTONIO BORGA/EURASIA SPORT IMAGES

შეგახსენებთ, სერბმა აღნიშნული ტურნირები ამავე მიზეზით გასულ წელსაც გამოტოვა. გარდა ამისა, ჯოკოვიჩმა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ნიუ-იორკში გამგზავრება და აშშ-ის ღია პირველობაზე ასპარეზობა ვერ შეძლო.

მიუნხენის „ბაიერნმა“ დეილი ბლინდი დაიმატა

გერმანიის ბუნდესლიგის მრავალგზის ჩემპიონმა, მიუნხენის „ბაიერნმა“ ნიდერლანდელი ფეხბურთელი, დეილი ბლინდი დაიმატა. ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბლინდი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს, „ბაიერნში“ მშობლიური ქვეყნის კლუბ „აიაქსის“ დატოვების შემდეგ გადავიდა. მანამდე 32 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. ინგლისელებმა ის „აიაქსისგან“ 2014 წელს 17.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ნიდერლანდელებმა კი 2018 წელს ფეხბურთელი 16 მილიონ ევროდ დაიბრუნეს.

ფოტო: IANS

მოცემული დროისთვის, დეილი ბლინდის საბაზრო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს, 25 მილიონ ევროს, 2019 წელს მიაღწია, როდესაც ბლინდი „აიაქსში“ თამაშობდა.

კონტრაქტის მიხედვით, დეილი ბლინდი მიუნხენის „ბაიერნში“ 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს. ხელშეკრულების გახანგრძლივებას მხარეები ზაფხულში განიხილავენ.

რალის ლეგენდა, კენ ბლოკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

რალისა ლეგენდა და YouTube-ის ვარსკვლავი, კენ ბლოკი 55 წლის ასაკში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელი სპორტსმენი თოვლმავლით ავარიაში მოყვა. უბედური შემთხვევა იუტის შტატში, ვასაჩის ოლქში მოხდა.

რალიში კენ ბლოკის კარიერა 2005 წლიდან დაიწყო. ის ამერიკის რალის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალბედა სპორტსმენად დასახელდა. ბლოკმა საზოგადოებას თავი შთამბეჭდავი ტრიუკებითა და გამბედაობით დაამახსოვრა.

ფოტო: manofmany.com

კენ ბლოკმა იასპარეზა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე X Games-ზე, სადაც რალიკროსში რამდენიმე მედალი მოიპოვა.

ბლოკმა სპორტული ტანსაცმლის კომპანია DC Shoes-ი დააფუძნა და გადაიღო ვიდეოსერიები Gymkhana, რომელშიც ის ავტომობილებს სახიფათო ტრასებზე მართავს. ვიდეოებმა YouTube-ზე მილიონობით ნახვა დააგროვა.

New Balance- AS Roma-ს მაისურის ტექნიკურ სპონსორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების განახლებას სთხოვს

სპორტული საქონლის მწარმოებელი კომპანია New Balance-ი იტალიის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბს, „რომას“ მაისურის ტექნიკური სპონსორის უფლების განახლებას სთხოვს. სერია A-ში მოასპარეზე კლუბი, მოქმედი ტექნიკური სპონსორის საჩივრის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ Adidas-თან გარიგება ჩაიშალოს. შეგახსენებთ, New Balance-ი მომავალი სეზონიდან სწორედ ამ გერმანულ კომპანიას უნდა ჩაენაცვლებინა.

გასულ წელს იტალიურ მედიაში AS Roma-სა და Adidas-ს შორის გარიგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ფოტო: AS Roma

New Balance-მა საჩივრით საერთაშორისო სავაჭრო პალატას მიმართა. კომპანია აცხადებს, რომ ვინაიდან კონკურენტის მიერ „რომასთვის“ გაკეთებული შეთავაზება მიმდინარე გარიგების პირობებს ემთხვევა, New Balance-ს კლუბთან ხელშეკრულების განახლების უფლება აქვს.

2021 წელს გაზეთ Il Messaggero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, New Balance-ი დათანხმდა AS Roma-ს, მისთვის წლიური ფიქსირებული გადასახადის სახით 3.4 მილიონი ევრო მიეცა, ჰონორართან ერთად, რომელიც 40%-ს შეადგენს. სამწლიანი ხელშეკრულება 2021-22 და 2022-23 წლების სეზონებს მოიცავს.

Forbes: სპორტული გუნდები, რომელთა ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *