გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ამ მხრივ ტრადიციულად გამორჩეული ფეხბურთის სახეობა აღმოჩნდა. FIFA-მ გლობალური ტრანსფერების ანგარიში გამოაქვეყნა; The Guardian-მა კი – 2022 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. გარდა ამისა, იტალიის პროკურატურამ „მილანის“ 1.2 მილიარდ ევროდ გაყიდვის საქმის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, „ევერტონმა“, 10-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
სიახლეებია სპორტის სხვა სახეობებშიც, რომელთა შესახებ დაწვრილებით წინამდებარე მიმოხილვიდან შეიტყობთ.
ინგლისურმა კლუბებმა 2022 წელს ტრანსფერებში $2 მილიარდზე მეტი დახარჯეს
FIFA-ს მიერ ხუთშაბათს გავრცელებული გლობალური ტრანსფერების ანგარიშის თანახმად, ინგლისურმა საფეხბურთო კლუბებმა 2022 წელს ახალი მოთამაშეების დასამატებლად 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს.
FIFA-ს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს ფეხბურთელთა საერთაშორისო ტრანსფერების რაოდენობამ როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ფეხბურთში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, მამაკაცთა პროფესიონალურ ფეხბურთში 2022 წელს 20,209 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 11,6%-იან ზრდაზე მეტყველებს.
ზრდას განაგრძობს ქალთა პროფესიონალური ფეხბურთი – 2022 წელს 1,555 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19.3%-იან ზრდას გულისხმობს. 2018 წელთან შედარებით კი ტრანსფერების რაოდენობა გაორმაგებულია.
ტრანსფერებში დახარჯული თანხის მიხედვით, ინგლისური კლუბები ლიდერობენ, რომელთაც კოლექტიური დანახარჯებით $2-მილიარდიან ნიშნულს პირველად გადააჭარბეს და რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 2.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიეს.
ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა
ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. კვარაცხელია საუკეთესო ასეულში მე-40 პოზიციას იკავებს.
ხვიჩა სიაში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ (#51, „ალ ნასრი“), ვიქტორ ოსიმენი (#52, „ნაპოლი“), მარკუს რეშფორდი (#58, „მანჩესტერ იუნაიდეტი“), რიჩარლისონი (#61, „ტოტენჰემი“), დარვინ ნუნიესი (#82, „ლივერპული“), ჩირო იმობილე (#87, „ლაციო“) და სხვები.
The Guardian-ის სიის პირველ ათეულში შემდეგ მოთამაშეებს ვხედავთ:
#1 ლიონელ მესი („პარი სენ-ჟერმენი“)
#2 კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“)
#3 ქარიმ ბენზემა („მადრიდის რეალი“)
#4 ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი“)
#5 ლუკა მოდრიჩი („მადრიდის რეალი“)
#6 კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“)
#7 რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
#8 ვინისიუს ჯუნიორი („მადრიდის რეალი“)
#9 ტიბო კურტუა („მადრიდის რეალი“)
#10 მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
მიკაელა შიფრინმა მსოფლიო თასზე 83-ე გამარჯვებით რეკორდი დაამყარა
ამერიკელმა მოთხილამურემ, მიკაელა შიფრინმა იტალიაში, კრონპლაცში გამართულ ტურნირზე გიგანტური სლალომი მოიგო და რეკორდი დაამყარა – მოცემული დროისთვის, მას სამთო სათხილამურო სპორტში ქალთა შორის მსოფლიო თასზე ყველაზე მეტი, 84 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ შიფრინმა ლეგენდარული მოთხილამურის, ლინდსი ვონის გადასწრება 83-ე გამარჯვების მოპოვების შემდეგ შეძლო. არ არის გამორიცხული, რომ მიკაელა შიფრინმა კაცთა შორის რეკორდსმენს, ინგემარ სტენმარკსაც გადაუსწროს – შვედ მოთხილამურეს მსოფლიო თასზე 86 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
„რიცხვი 83 ტექნიკურად, დიახ, უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალის მიერ ნაჩვენები შედეგი, მაგრამ ყოველთვის იქნება გულშემატკივართა დიდი ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლინდსი არის ყველა დროის საუკეთესო მოთხილამურე ქალი“, – განაცხადა შიფრინმა 84-ე გამარჯვების შემდეგ.
რუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე დაუშვეს
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში. შედეგად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, სრულად გამოერიცხათ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადიდან, ისინი საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას მაინც შეძლებენ.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში, თუ ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოებიდან სპორტსმენების დაშვებას „ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია“ უწოდა და დასძინა რომ IOC-ი კვლავ განაგრძობს უკრაინელი ათლეტების მხარდაჭერას.
Associated Press-ის ინფორმაციით, რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე არდაშვების მოწოდებით, ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც მიმართა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მათ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, 184 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა.
უკრაინის ლიდერი გასულ თვეში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახსაც შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, „არავის არ უნდა ჰქონდეს ნეიტრალური პოზიცია მაშინ, როდესაც მშვიდობიანი ცხოვრების საფუძვლები ნადგურდება, ხოლო უნივერსალური ადამიანური ღირებულებები იგნორირებულია“.
იტალიის პროკურატურა „მილანის“ 1.2 მილიარდ ევროდ გაყიდვის საქმით დაინტერესდა
იტალიის ქალაქ მილანის პროკურორები გასულ წელს AC Milan-ის 1.2 მილიარდ ევროდ გაყიდვის საქმით დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, კლუბი აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფონდმა, RedBird Capital-მა ასევე ამერიკული Elliott-ისგან შეიძინა.
საქმესთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, იტალიის საგადასახადო პოლიცია გარიგებაში მონაწილე ბუღალტრებისა და მრჩევლებისგან დოკუმენტებს ითხოვს. ის ასევე დასძენს, რომ არც ერთი კონკრეტული პირი ან კომპანია ჯერჯერობით გამოძიების სამიზნე არ არის.
გამოძიება, რომელიც თანხების სავარაუდო გაფლანგვის გარშემო ტრიალებს, „მილანის“ არაპირდაპირი 4%-იანი წილის მფლობელი ინვესტორის, Blue Skye Financial Partners-ის საჩივარს ეფუძნება.
Blue Skye-მ ადრე Elliott-ი მისი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი კლუბის გაყიდვის მიზნით მის მიერ „დახურულ კარს მიღმა“ მოლაპარაკებების გამართვა გააპროტესტა.
„მილანი“, რომელიც გასულ წელს, 11 წლის განმავლობაში პირველად, სერია A-ს გამარჯვებული გახდა, ამჟამად ლიგაში მეორე პოზიციას სჯერდება. კლუბი დიდი ხნის განმავლობაში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაში იყო.
აქვე გეტყვით, რომ ნიუ-იორკში დაფუძნებული Redbird Capital-ი, რომელიც ჯერალდ კარდინალემ დააარსა, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 7 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს. ფირმა არის Fenway Sports Group Holdings LLC-ის აქციონერი, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბის, Liverpool FC-ისა და ამერიკის ბეისბოლის გუნდ Boston Red Sox-ის მფლობელი. ის ასევე ფლობს აქციების საკონტროლო პაკეტს ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ტულუზაში“.
„ევერტონმა“ ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა
ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, „ევერტონმა“, 10-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ამ თანამდებობას გასული წლის იანვრიდან იკავებდა.
ლამპარდის „ევერტონიდან“ გაშვება, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მიმდინარე სეზონში კლუბის წარუმატებლად ასპარეზობას უნდა დავუკავშიროთ. მოცემული დროისთვის, ის პრემიერ ლიგის ცხრილში გასავარდნ ზონაში იმყოფება და 15 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს. „ევერტონმა“ გამართული 20 შეხვედრიდან გამარჯვება მხოლოდ სამში შეძლო.
როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, დიდი ალბათობით, „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს შონ დაიჩი დაიკავებს. მისი ცნობით, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპებზეა და კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2025 წლის ივნისამდე იქნება, მალე გაფორმდება.
ცნობისთვის, შონ დაიჩი, რომელიც ასევე ყოფილი ფეხბურთელია, აქამდე „ვოტფორდსა“ და „ბარნლის“ წვრთნიდა.