IMF-ი უკრაინის დასახმარებლად $16-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტზე მუშაობს

IMF-ი უკრაინის დასახმარებლად $16-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტზე მუშაობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის მრავალწლიანი დახმარების პაკეტზე მუშაობს, რომლის მოცულობაც, სავარაუდოდ, $16 მილიარდი იქნება. დაფინანსება ომისგან დაზარალებულ ქვეყანას არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს უფრო მეტი საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვას.

თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელება რამდენიმე მნიშვნელოვან პირობაზე, მათ შორის G7-ის სახელმწიფოების, უკრაინის დონორებისა და კრედიტორების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, გეგმა IMF-ის დაკრედიტების წესების ცვლილებასაც მოითხოვს, რაც ომით დაზარალებული ქვეყნისთვის სესხის გაცემას უზრუნველყოფს, ხოლო კიევის მთავრობას კი მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების გატარება მოუწევს.

IMF-ის $14-$16-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, 3-4-წლიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინა პირველ წელს $5 მილიარდიდან $7 მილიარდამდე დაფინანსებას მიიღებს. წყაროებზე დაყრდნობით, გეგმა მარტის ბოლოსთვის უნდა შეთანხმდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი პირველი ტრანში აპრილში გაიცემა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გეგმა IMF-ის სახელმწიფოების საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ფონდს შეუძლია, უკრაინისთვის $1.3-მილიარდიანი სწრაფი დახმარების პროგრამა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიმდინარე წელს უკრაინისთვის, ფინანსური დახმარების სახით, $19.5 მილიარდის გადაცემის ვალდებულება უკვე აიღო, რასაც შტატების $10-მილიარდიანი დაფინანსებაც დაემატება.

აქვე გეტყვით, რომ IMF-მა მიმდინარე წლისთვის უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროება $39.5 მილიარდად შეაფასა. მაგრამ, როგორც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ 10 იანვარს განაცხადა, 2023 წელს უკრაინის მთავრობის ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი $3.5 მილიარდია, რაც წლიურად დაახლოებით $42 მილიარდს უტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *