გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასულ კვირას, გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი მოექცა. გამოცხადდა აუქციონი, რომელზეც Apple-ის მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია გაიყიდება. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს პირველ სრულყოფილ გაფართოებული რეალობის სათვალეს 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Apple-ის მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია, რომელიც 500-ზე მეტ მოწყობილობას, მათ შორის 1983 წლის Lisa I-ს და 1979 წლის Apple II Plus-ს აერთიანებს, მარტის ბოლოს, ჯულიენის აუქციონზე ნაწილ-ნაწილ გაიყიდება. აღნიშნული კოლექცია, რომელიც შვეიცარიელ ანტრეპრენიორსა და მასწავლებელს, ჰანსპიტერ ლუცის ეკუთვნის, 1979-2008 წლებში გამოშვებულ მოწყობილობებს აერთიანებს და ის Apple-ის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან კოლექციად მიიჩნევა მსოფლიოში.

 

ჰანსპიტერ ლუცის კოლექციაში იშვიათ მოწყობილობებსაც ვხვდებით, მათ შორის გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის მქონე ერთ-ერთ პირველ პერსონალურ კომპიუტერს, სახელწოდებით Lisa I, რომელიც Apple-მა ჯერ კიდევ 1983 წელს გამოუშვა – აუქციონზე ამ მოწყობილობის სავარაუდო ფასი ათიდან ოცი ათას დოლარამდე შუალედში მერყეობს. ამ კომპიუტერის იშვიათობას განაპირობებს ისიც, რომ კომერციულად ის მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა და რეალურად, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემორჩა – ჯამში, Apple-მა მხოლოდ ათი ათასი ერთეულის გაყიდვა მოახერხა.

სტივ ჯობსი Lisa I-თან პოზირებს, 1983 | ფოტო: Ted Thai

კომპიუტერებთან ერთად, აუქციონზე Apple-ის სხვა გაჯეტებსაც შევხვდებით, მათ შორის 1994 წლით დათარიღებულ Apple QuickTake 100-ის ტიპის კამერას – ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ციფრული სამომხმარებლო კამერის ფასი ორასიდან სამას დოლარამდე შუალედში განისაზღვრება. ამასთანავე, აუქციონზე ერთ-ერთ პირველ კომერციულად ხელმისაწვდომ გრაფიკულ პლანშეტს, Summergraphics MacTablet-საც შეხვდებით.

Apple-ი გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის დომინაციას განაგრძობს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულს დღემდე ინარჩუნებს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კომპანიის მიერ გამოშვებულ ანტიკვარულ პროდუქტებზე. რამდენიმე კვირის წინ, მაგალითად, პირველი თაობის გაუხსნელი iPhone-ი $63 ათასად გაიყიდა – არადა, თავის დროზე, ეს სმარტფონი სულ რაღაც $599 ღირდა.  თუმცა ეს ფასიც არაფერია იმ $220-ათასიან ფასთან შედარებით,  რომელიც უცნობმა მყიდველმა Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის სანდლებში გადაიხადა.

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ Tesla-ს შემდეგი გიგაქარხანა მექსიკაში აშენდება

გასულ კვირას, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ საკუთარ ისტორიაში პირველი ინვესტორთა დღე გამართა, რომელზეც, სხვა სიახლეებთან ერთად, კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შემდეგ, რიგით მეექვსე გიგაქარხანას მექსიკაში ააშენებს, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ისაუბრა.

აღნიშნული ქარხანა მექსიკაში სტრატეგიულად განთავსდება, რადგან შტატ ნუევო-ლეონის ქალაქი მონტგომერი ტეხასის დედაქალაქ ოსტინს, სადაც Tesla-ს სათავო ოფისი მდებარეობს, სულ რაღაც ექვსას ოცი კილომეტრითაა დაშორებული. როგორც ილონ მასკმა განაცხადა, მექსიკის გიგაქარხანა ახალი იქნება აგებულებითაც, რადგან იქ კომპანია „ახალი თაობის“ ავტომობილების წარმოებას გეგმავს – რა პროდუქტებზე არის საუბარი, Tesla-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ამისთვის ცალკე ღონისძიება გაიმართება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გიგაქარხანა, რომლის აშენებასაც Tesla მექსიკაში გეგმავს, კომპანიისთვის რიგით მეექვსე იქნება – ამ დრომდე Tesla-ს ქარხნები ნევადაში, ტეხასში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ბერლინში აქვს.

Tesla-ს მექსიკის გიგაქარხნის საპროექტო რენდერი | ფოტო: Tesla

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს მიერ მექსიკაში გიგაქარხნის აშენების შესახებ სიახლე მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან  ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ვიცოდით, მაგრამ – არაოფიციალურად. როგორც იმ დროს დაიწერა, Tesla $800 მილიონიდან $1 მილიარდამდე მოცულობის პირველადი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, ხოლო საბოლოო ჯამში, გიგაქარხნის აშენება დაახლოებით $10 მილიარდი დაჯდებოდა.

ისე კი, მექსიკის გიგაქარხნის გეგმებთან ერთად, ილონ მასკმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, ნევადაში მდებარე გიგაქარხანაში Tesla $3.6 მილიარდის მოცულობის დამატებით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს  – გაფართოების შემდეგ, ქარხნის ფართობი ოცდაჩვიდმეტი ჰექტრით გაიზრდება, რაც, ცხადია, ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებსაც გაზრდის. ამგვარად, ნევადაში მდებარე გიგაქარხანაში Tesla-ს ჯამურად $9.8 მილიარდი ექნება დაბანდებული.

პირველ სრულყოფილ AR-სათვალეს Meta 2027 წელს გამოუშვებს – The Verge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს პირველ სრულყოფილ გაფართოებული რეალობის სათვალეს 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ, –  ეს ინფორმაცია კომპანიის მესვეურებმა თანამშრომლებს გაუზიარეს, რის შესახებაც ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დამატებითი მოწყობილობების გამოშვებას მანამდეც გეგმავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის AR-სათვალე, რომლის გამოშვებას კომპანია მომხმარებელს ოთხ წელიწადში ჰპირდება – ფლაგმანი იქნება, რომელსაც მარკ ცუკერბერგი „Meta-ს iPhone-ის მომენტს“ უწოდებს.

ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Meta-ს უახლესი სათვალის პოტენციურ ფუნქციონალზე. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული სათვალე რეალურ სამყაროში მაღალი გარჩევადობის მქონე ავატარების პროექციას შეძლებს, რაც მომხმარებელს სრულიად ახალი ტიპის გამოცდილებას შესთავაზებს, მაგრამ, ცხადია, სათვალის ფასს საგრძნობლად გაზრდის. როგორც ჩანს, ახალი AR-სათვალის პროტოტიპის შექმნას კომპანია 2024 წლისთვის გეგმავს, როცა მის ტესტირებაში კომპანიის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ისე კი, ფლაგმანი სათვალის წარმოების პარალელურად, Meta კიდევ რამდენიმე ჭკვიანი სათვალის გამოშვებასაც გეგმავს. აღნიშნულ სიაში შედის როგორც ახალი თაობის Ray-Ban Stories-ი, ასევე Quest 3, რომელიც, როგორც ჩანს, წინა თაობის VR-სათვალესთან შედარებით ორჯერ უფრო თხელი და მძლავრი იქნება. ამასთანავე, Meta ბიუჯეტურ ვირტუალური რეალობის სათვალეზეც მუშაობს, კოდური სახელწოდებით Ventura.

ფოტო: Ray-Ban

მოდი, მეტად ჩავუღრმავდეთ შემდეგი თაობის Ray-Ban Stories-ს, რადგან დღესდღეობით ეს ერთადერთი სათვალეა Meta Quest Pro-ს გარდა, რომლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს. იტალიურ ბრენდთან კოლაბორაციით შექმნილი ჭკვიანი სათვალის განახლებული ვარიანტი ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება და ის მის წინამორბედებზე უფრო განვითარებული იქნება. როგორც ჩანს, სათვალის შუშაზე შემომავალი ზარები და შეტყობინებები გამოისახება, ხოლო კამერით QR-კოდების გადაღებას შეძლებთ. სათვალის მართვას რაც შეეხება, ამას მომხმარებელი ხელების მოძრაობით შეძლებს – ეს ფუნქციონალი გავრცელდება ბეჭდვაზეც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ, როგორც ჩანს, Meta ჭკვიან საათზეც მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ Meta ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ არის, რომელიც მომდევნო წლებში გაფართოებული და ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოშვებას გეგმავს. ასეთი გეგმები აქვს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ტექნოლოგიურ კომპანიასაც – XR-სათვალე, წესით, Apple-მა ივნისში უნდა გამოუშვას.

Microsoft-ისა და Activision Blizzard-ის გარიგებას ევროკომისია მწვანე შუქს აუნთებს – Reuters

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია Microsoft-ისა და Activision Blizzard-ის $68.7-მილიარდიან გარიგებას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ის შეთანხმებები, რომლებიც Microsoft-მა ცოტა ხნის წინ Nintendo-სა და Nvidia-სთან გააფორმა, ევროპელი მარეგულირებლების მიერ წამოყენებულ წინაპირობებს დააკმაყოფილებს და ისინი გასული წლის მთავარ გარიგებას მწვანე შუქს აუნთებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Microsoft-მა ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტ Nintendo-სთან, რომლის თანახმად Call of Duty იაპონური კომპანიის კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით, Microsoft-მა დასძინა, რომ მსგავს გარიგებაში შესვლას კიდევ ერთ კომპანიასთან, Nvidia-სთან გეგმავს. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავსი თანამშრომლობა Microsoft-მა Sony-საც შესთავაზა, მაგრამ იაპონური გიგანტი მას ჯერ არ დათანხმებია.

თუკი ეს მართლა მოხდა, ევროკომისიის მიდგომა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდება გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებისაგან, რომელმაც გასულ თვეს გამოაცხადა, რომ შესაძლოა, Microsoft-ს Activision Blizzard-ის იმ დანაყოფის გაყიდვა მოუწიოს, რომელიც ულტრაპოპულარულ ვიდეოთამაშთან, Call of Duty-სთან არის დაკავშირებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 მარტს გამოქვეყნდება.

Boeing-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი წელს $7-მილიონიან ბონუსს აღარ მიიღებს

თვითმფრინავების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული Boeing-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დევიდ კალჰუნი, რომელმაც გასულ წელს, ჯამური ანაზღაურების სახით $21.8 მილიონი მიიღო, წელს $7-მილიონიან ბონუსს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ფინანსური გამოცემა Seeking Alpha წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ დევიდ კალჰუნი იმის გამო დასაჯა, რომ მსოფლიოს უდიდესი ორძრავიანი თვითმფრინავის, Boeing 777X-ის გამოშვება კომპანიამ ჯერაც ვერ მოახერხა.

Boeing 777X | ფოტო: Getty Images / Jason Redmond

ამერიკული გიგანტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან Boeing 777X-ის გამოშვება და მისი საწარმოო ხაზის გაზრდა ერთ-ერთი იყო იმ მოთხოვნათაგან, რომელიც დევიდ კალჰუნმა 2020 წელს მიიღო, როცა კომპანიის დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული $7-მილიონიანი ბონუსი სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიის თავმჯდომარეს ჯერ კიდევ 2020 წელს, კომპანიის აქციების სახით გამოუყო, მაგრამ მიიღებდა თუ არა მას კალჰუნი, რამდენიმე წინაპირობის შესრულებაზე იყო დამოკიდებული.

„ნათელია, რომ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზები დევიდ კალჰუნის კონტროლს მიღმაა“, – ვკითხულობთ Boeing-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ახალი თვითმფრინავის გაჭიანურების მიზეზად პანდემიას ასახელებს. „სამეთვალყურეო საბჭო აღიარებს, რომ 777-ის პროგრამასთან დაკავშირებით, დევიდ კალჰუნმა კომპანიისთვის გრძელვადიანად სასარგებლო რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამან, ცხადია, გავლენა იქონია გეგმის ვერშესრულებაზეც“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Boeing 777X-ი მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავია, რომლის შეკვეთა არის შესაძლებელი, მაგრამ ამის ფონზე, ის დასახულ გეგმას ხუთი წლით ჩამორჩება. თვითმფრინავი, რომელსაც ერთჯერადად ოთხასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, დღევანდელი გათვლებით, ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება. თავად Boeing-ს რაც შეეხება, ის თვითმფრინავების მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $128 მილიარდს აღემატება.