გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასული კვირა, გლობალურ ტექნოლოგიურ სამყაროში, მეტად დატვირთული აღმოჩნდა საკადრო ცვლილებებით: YouTube-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სიუზან ვოიჩიცკი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი დირექტორისთვის, კომპანია მზად წლის ბოლოსთვის იქნება. სიახლეები არ აკლია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს, რომლის XR-სათვალეს, სავარაუდოდ, ზაფხულში ვიხილავთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

YouTube-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სიუზან ვოიჩიცკი თანამდებობიდან გადადგა

გასულ კვირას, რიგით მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიაში, ამერიკულ Alphabet-ში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა – კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, სიუზან ვოიჩიცკი, რომელიც Alphabet-ის შვილობილ კომპანიას, YouTube-ს უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა.  საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ვოიჩიცკიმ თანამშრომლებს წერილით შეატყობინა, რომელიც, მოგვიანებით, კომპანიამ გაასაჯაროვა – სწორედ წერილიდან ვიგებთ, რომ ვოიჩიცკის საკუთარ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება სურს, რომელშიც მეტ დროს ოჯახს, ჯანმრთელობას და პირად პროექტებს დაუთმობს.

ფოტო: Reed Saxon / AP

სიუზან ვოიჩიცკის YouTube-დან წასვლით, კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა, რადგან ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამშრომელი იყო არა მხოლოდ YouTube-სთვის, არამედ ზოგადად Google-სთვის. საქმე ისაა, რომ სიუზან ვოიჩიცკი ერთ-ერთია ადამიანების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფისგან, რომლებმაც Google-ი ნულიდან შექმნეს, რადგან ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფეხი მისი სახლის ავტოფარეხში აიდგა, რომელიც ვოიჩიცკის სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯისთვის 1998 წელს ჰქონდა მიქირავებული.  თავად სიუზან ვოიჩიცკი Google-ს ერთი წლის შემდეგ, 1999 წელს შეუერთდა, როცა ბრინი, პეიჯი და გუნდის სხვა წევრები საძიებო სისტემის პირველ ვარიაციაზე მუშაობდნენ. სხვათა შორის, სწორედ სიუზანი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც Google-ის მმართველი პარტნიორები YouTube-ის შესყიდვის სისწორეში  ჯერ კიდევ 2006 წელს დაარწმუნა.

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი სიუზან ვოიჩიცკის სახლის ავტოფარეხში | ფოტო: Google

„ოცდახუთი წლის წინ გადავწყვიტე, საქმე დამეჭირა სტენფორდის უნივერსიტეტის ორ კურსდამთავრებულთან, რომლებიც საძიებო სისტემას ქმნიდნენ – მათ ლარი და სერგეი ერქვათ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მათ ქმნილებაში დიდ პოტენციალს ვხედავდი და იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიას სულ რამდენიმე მომხმარებელი ჰყავდა და შემოსავალი არ ჰქონდა, გადავწყვიტე, გუნდის ნაწილი გამხდარიყავი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია“, – წერს სიუზან ვოიჩიცკი YouTube-ის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში.

Google-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომლისთვის საქებარი სიტყვები არც კომპანიის დამფუძნებლებმა დაიშურეს. „სიუზანს Google-ის ისტორიაში უნიკალური ადგილი აქვს, რადგან მან საოცრად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ პროდუქტების განვითარებაში, რომელთაც ადამიანები მთელ მსოფლიოში იყენებენ. მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რაც სიუზანმა უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში გააკეთა“, – ვკითხულობთ სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელიც გამოცემა Recode-მა გამოაქვეყნა.

თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წლების გასვლასთან ერთად, სიუზან ვოიჩიცკიმ კომპანიაში გაცილებით უფრო დიდი მემკვიდრეობა დატოვა, ვიდრე უბრალოდ YouTube-ის ხელმძღვანელობაა. წლების განმავლობაში ვოიჩიცკიმ უხელმძღვანელა როგორც Google-ის მარკეტინგს, ასევე რეკლამებს – კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დეპარტამენტს. ამასთანავე, ის უშუალოდ იყო ჩართული YouTube-ისა და DoubleClick-ის შესყიდვებსა და Image Search-ის შექმნაში.

სიუზან ვოიჩიცკის კომპანიიდან წასვლის შემდეგ YouTube-ის მართვის სადავეებს კომპანიის პროდუქტის ხელმძღვანელი, ნილ მოჰენი ჩაიბარებს. ვიდეოგიგანტში გადმობარგებამდე, მოჰენი, წლების განმავლობაში, Google-ის დისპლეისა და ვიდეორეკლამების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ნილ მოჰენი YouTube-ში სიუზან ვოიჩიცკის მარჯვენა ხელად ითვლებოდა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის YouTube TV-ის, YouTube Music-ის, YouTube Premium-ისა და უახლესი პლატფორმის, Shorts-ის შექმნაში.

ახლო მომავალში, სიუზან ვოიჩიცკი კომპანიის ახალ ხელმძღვანელს საქმის გადაბარებაში დაეხმარება, ხოლო მერეGoogle-სა და Alphabet-ში მრჩევლის როლს მოირგებს.

Snapchat-ის ახალი ნიშანსვეტი – 750 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი

გასულ კვირას მნიშვნელოვანი სიახლეები კიდევ ერთ ამერიკულ გიგანტს ჰქონდა – საუბარია Snapchat-ზე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის მიერ შექმნილ აპლიკაციას 750 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა ნახევარი, ანუ 375 მილიონი აპლიკაციას ყოველდღიურად იყენებს. ეს სტატისტიკა, ცხადია, ზღვაში წვეთია Facebook-ის თითქმის სამმილიარდიან ყოველთვიურ და ორმილიარდიან ყოველდღიურ მაჩვენებელთან, მაგრამ ნიშური Snap-ისთვის ეს რიცხვები პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. როგორც კომპანიის მესვეურები აღნიშნავენ, მილიარდიან მაჩვენებელს კომპანია მომავალ ორ-სამ წელიწადში გადაკვეთს.

Snap-ის მმართველი პარტნიორი, ევან სპიგელი | ფოტო: Jerod Harris / Getty Images / Fox Media

ყველაზე საინტერესო კი Snap-ის სტატისტიკური განაწილებაა, რომლის თანახმად, მომხმარებელთა უმეტესობა პლატფორმას ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ იყენებს – ამ რეგიონში კომპანიას 150 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ტექნოლოგიური გიგანტის ხელმძღვანელის, ევან სპიგელის განცხადებით, Snap-ის აპლიკაციას 13-დან 34 წლამდე სეგმენტის მესამედზე მეტი იყენებს მსოფლიოს ოც ქვეყანაში – ეს ადამიანები, ჯამში, დღეში ხუთ მილიარდ „სნეპს“, ანუ ფოტოს გზავნიან. ამ ყველაფრის ფონზე, მზარდი მაჩვენებლები აქვს Snapchat-ის სხვა პროდუქტებსაც: გაშვებიდან შვიდი თვის თავზე Snapchat Plus-ს 2.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო Snap Map-ს, ყოველთვიურად, სამას მილიონ მომხმარებელზე მეტი იყენებს.

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ რთული 2022 წლის შემდეგ, როცა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 80%-ზე მეტად შემცირდა, ზრდის ტენდენცია კომპანიისთვის დამაიმედებელი ნიშანია. დღეს Snap-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $16.4 მილიარდს შეადგენს, რაც თითქმის 87.5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის სექტემბერში, როცა კომპანია პიკში იყო.

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი Nintendo-ს რიგით მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეროვნული სიმდიდრის ფონდი, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას და პორტფელის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით დივერსიფიცირებას აგრძელებს. სწორედ ამ ტრენდზე მიუთითებს ის, რომ გასულ კვირას ფონდმა იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტში, Nintendo-ში საკუთარი წილი 8.3%-მდე გაზარდა, რითაც იაპონიის სამთავრობო საპენსიო საინვესტიციო ფონდს გადაუსწრო და იაპონური კომპანიის რიგით მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა.

ფონდის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მოჰამედ ბინ სალმანის იმ ხედვის ნაწილია, რომელსაც არაბი პოლიტიკოსი და ანტრეპრენიორი წლებია, რაც არ ღალატობს. ამასთანავე, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებში მოჰამედ ბინ სალმანს განსაკუთრებით ვიდეოთამაშების დეველოპერები აინტერესებს. ვიდეოთამაშებისა და ელექტრონული სპორტის, ანუ eSports-ის განვითარებისთვის პრინცმა Savvy Games Group-ი დააფუძნა და $38-მილიარდიანი ბიუჯეტიც გამოუყო – ამ კომპანიამ კი, ორიოდ კვირის წინ, მნიშვნელოვანი $260-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის მიერ მხარდაჭერილ VSPO-ში.

ფოტო: Leon Neal / Getty Images

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდის იაპონური ინვესტიცია, როგორც ჩანს, მხოლოდ საინვესტიციო ხასიათისაა – ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ოფიციალურ დოკუმენტაციაში. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, PIF-ს იაპონური გიგანტის სრულად ჩაყლაპვა სურდეს, რასაც, ანალიტიკოსების შეფასებით, არაბული ფონდის სიმდიდრის გამო, კომპანიის მესვეურები წინ უბრალოდ ვერ აღუდგებიან. აქვე უნდა ითქვას, რომ Nintendo რიგით მესამე იაპონური კომპანია გახდა, რომელშიც საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდმა, სულ მცირე, 5%-იანი ინვესტიცია განახორციელა, დანარჩენი ორი Nexon-ი და Capcom-ი არიან. ისე კი, PIF-ი დიდ წილებს ფლობს Activision Blizzard-ში, Electronic Arts-ში, Take-Two Interactive Software-სა და Koei Tecmo Holdings-ში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ ტექნოლოგიური კომპანიების წილების მასობრივი შესყიდვა სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, ფონდი და, შესაბამისად, სახელმწიფო, ნაკლებად დამოკიდებული იყოს ნავთობზე. ამ მიზნის მისაღწევად, მოჰამედ ბინ სალმანი მისი ქვეყნის მესვეურების მიერ 2030 წლისთვის დასახული მიზნების დავთრით ხელმძღვანელობს, რომლის მნიშვნელოვან პოსტულატებს სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობების დამყარება, საკუთარ ქვეყანაში ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება და განახლებადი ენერგეტიკის, დიდი დატას ანალიზისა და გასართობი ინდუსტრიების განვითარება წარმოადგენს.

პარალელურად ამისა, საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი საუდის არაბეთში ფუტურისტულ ქალაქს, ნეომს აშენებს, რომელშიც რეგიონში ვიდეოთამაშების პირველი ჰაბი განთავსდება – მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩაფიქრებულია, როგორც აღმოსავლური სილიკონ-ველი, რომელიც ბიზნესების წარმომადგენლებს, დეველოპერებსა და ხელოვან ადამიანებს გააერთიანებს. სწორედ ფუტურისტული ნეომის ფარგლებში იგეგმება 120 კილომეტრის სიგრძის ცათამბჯენის, The Line-ის აშენება.

შესაძლოა, საკუთარი XR-სათვალე Apple-მა ამ ზაფხულს, WWDC-ზე წარადგინოს – მარკ გარმენი

როგორც ჩანს, დიდხნიანი ლოდინი დასრულდა და დადგა დრო, როცა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი საკუთარ შერეული რეალობის სათვალეს წარადგენს – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, მარკ გარმენი. Bloomberg-ის ანალიტიკოსის ინფორმაციით, XR-სათვალის წარდგენას ამერიკული გიგანტი თავდაპირველად გაზაფხულზე გეგმავდა, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო, წარდგენამ Apple-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციამდე გადაიწია, რომელიც, როგორც წესი, ივნისში ტარდება.

ფოტო: Nick Barclay / The Verge

მოწყობილობას, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი წარადგენს, Reality Pro ერქმევა და ის დღეს არსებულ მსგავსი ტიპის მოწყობილობებს შორის ყველაზე მძლავრი იქნება – ყოველ შემთხვევაში, ჩანაფიქრი ასეთია. Apple-ის XR-სათვალე დახვეწილი იქნება ტექნოლოგიურადაც – ის აღჭურვილი იქნება როგორც ხელის მოძრაობის ტრეკერებით, ასევე მძლავრი სარენდერო სისტემით, რომელიც იმ ადამიანის სამგანზომილებიან გამოსახულებას შექმნის, რომელსაც FaceTime-ში ესაუბრებით – ამასთანავე, შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეალობის მოდულის გამორთვა. ყველაფერი ეს, ცხადია, მოწყობილობას მეტად გააძვირებს – მარკ გარმენის ინფორმაციით, Apple-ის პირველი შერეული რეალობის სათვალე $3 ათასი ეღირება.

საკუთარ ყოველკვირეულ მიმოხილვაში მარკ გარმენი Apple-ის სხვა მოწყობილობების შესახებაც წერს. Bloomberg-ის ანალიტიკოსის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 15-ინჩიან MacBook Air-ზე, ახალ Mac Pro-ზე და iPhone-ის მოდერნიზებაზე მუშაობს, მაგრამ Apple Watch-ის, AirPods-ისა და iPad-ის შემთხვევაში, მარკ გარმენის შეფასებით, დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

ილონ მასკი: 2023 წლის ბოლომდე Twitter-ს ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეყოლება

როგორც ჩანს, სოციალურ ქსელ Twitter-ში საკადრო ცვლილებები იგეგმება. როგორც კომპანიის მფლობელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა „მსოფლიო მთავრობათა სამიტზე“ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ის პატივს სცემს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რის გამოც, მიმდინარე წლის ბოლომდე Twitter-ს ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეყოლება.

„პირველ რიგში უნდა დავრწმუნდე, რომ კომპანია ფინანსურად სტაბილური და ჯანმრთელია, ხოლო ხედვა – ნათელი“, – განაცხადა ილონ მასკმა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ალბათ, კარგი დრო იქნება იმ ადამიანის საპოვნელად, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას გადაიბარებს. სხვათა შორის, ილონ მასკს თავისი შემცვლელის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა Twitter-ზე ფოტო მისი ძაღლის, ფლოკის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „Twitter-ის ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ძალიან მაგარია!“. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელის შერჩევა ილონ მასკს უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ კონკრეტული რამის თქმა ჯერ უბრალოდ შეუძლებელია.

ფოტო: Dado Ruvic / Reuters

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობა ილონ მასკმა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიკავა, როცა ამერიკული სოციალური ქსელი $44 მილიარდად შეისყიდა და მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელი, პარაგ აგრავალი გაათავისუფლა. მას მერე ილონ მასკმა კომპანიიდან ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა და არაერთი ექსტრაორდინარული ცვლილება შემოიღო, რომელთა ნაწილი მალევე გააუქმა. ამ ყველაფრის ფონზე, მკვეთრად დაიკლო ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანიის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან წასვლის დაახლოებითი თარიღი ილონ მასკმა მართლაც დაასახელა, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი სიტყვა გადათქვას, რადგან ასეთი რამ, ამ დრომდე, არაერთხელ მომხდარა. ასე იყო როგორც Tesla Cybertruck-ის შემთხვევაში, რომელიც  ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა გამოსულიყო, ასევე Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგიის შემთხვევაში, რომელიც 2017 წლის ბოლოსთვის სრულყოფილი უნდა ყოფილიყო.

Amazon-მა კალიფორნიაში თვითმართვადი ტაქსების გამოყენების ნებართვა მიიღო

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა, რომელიც, თავის წილ, ძალიან ბევრ კომპანიას და მათ შორის თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელ სტარტაპს, Zoox-ს ფლობს, კალიფორნიის გზებზე მგზავრების გადაყვანის უფლება მიიღო. რეალურად, კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ისტორიული და უპრეცედენტოა, რადგან ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა კონკრეტული მიზნისთვის შექმნილმა რობოტულმა ტაქსიმ, რომელსაც მართვის არანაირი ბერკეტი არა აქვს, მათ შორის არც საჭე და არც სატერფულები, მგზავრები გადაიყვანა.

ფოტო: Zoox

თუმცა ყველაფერი ეს არახალია თავად კალიფორნიისთვის, რომელიც ბევრი რამითაა ინოვატორი, მათ შორის თვითმართვადი ავტომობილების მიმართულებით. Zoox-თან ერთად, „ოქროს შტატად“ წოდებულ კალიფორნიაში თვითმართვადი ტექნოლოგიის კომერციალიზაციაზე ათამდე კომპანია მუშაობს, მათ შორის Waymo და Cruise-ი. თუმცა ყველა ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებთან შედარებით, რომლებიც აგებულებით, რეალურად, ჩვეულებრივი ავტომობილია, რომელშიც თვითმართვადი ტექნოლოგია არის ინტეგრირებული – Zoox-ის ავტომობილი რობოტი უფროა, ვიდრე მანქანა.

ისე კი, რაგინდ დადებითად უნდა ჟღერდეს ეს სიახლე, Zoox-ის რობოტული ტაქსების გადაადგილების არეალი მეტად შეზღუდულია – თვითმართვად ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ ფოსტერ-სიტის იმ უბანში შეუძლია, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს, თანაც მხოლოდ შაბათ-კვირას, დღისით და კარგ, ანუ უნალექო ამინდში. ამასთანავე, ლიმიტირებულია ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც 65 კმ/სთ-ში შეადგენს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, Zoox-ის ეს მიღწევა აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *