გასული კვირა განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა მეტავერსთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეებით: Apple-ის აღმასრულებლებმა კომპანიის მიერ წარმოებული AR/VR-სათვალე გამოცადეს, ხოლო Qualcomm-მა თხელი და უკაბელო გაფართოებული რეალობის სათვალე წარადგინა. ამასთანავე, სიახლეები აქვთ WhatsApp-სა და Google-ს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Apple-ის აღმასრულებლებმა კომპანიის მიერ წარმოებული AR/VR-სათვალე გამოცადეს
Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა კომპანიის მიერ წარმოებული შერეული რეალობის სათვალე გამოცადეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი წარმოების საბოლოო ფაზაშია და მალე ბაზარზეც გამოჩნდება, – ამის შესახებ Bloomberg-ის ავტორიტეტულმა ტექნოლოგიურმა მიმომხილველმა, მარკ გარმენმა დაწერა.
/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_image/image/70888806/acastro_180604_1777_apple_wwdc_0003.0.jpg)
კომპანიის მმართველი საბჭო, რომელშიც Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის გარდა რვა დამოუკიდებელი დირექტორი შედის, წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ იკრიბება. მარკ გარმენის თქმით, AR/VR-სათვალის წარდგენა სწორედ ბოლო შეკრებაზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ახალი მოწყობილობების აპრობირებული პრაქტიკაა – ასე მოხდა 2011-შიც, როცა Apple-ის საბჭომ ვირტუალური ასისტენტი, Siri მის გაშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცადა – ეს დაახლოებით იმ დროს იყო, როცა სტივ ჯობსი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა.
საინტერესოა, რომ ზემოხსენებულ სიახლესთან ერთად, მარკ გარმენი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს Apple-მა შერეული რეალობის სათვალისთვის საჭირო ოპერაციულ უზრუნველყოფაზე – rOS-ზე (ინგლ. „Reality Operating System“) მუშაობა დააჩქარა. სწორედ ამ ორი სიახლის ერთდროულად გავრცელება მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში Apple-მა საკუთარი წარმოების პირველი AR/VR-სათვალე წარმოადგინოს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათვალე, რომელსაც ექნება როგორც გაფართოებული, ასევე ვირტუალური რეალობის ელემენტები, Apple-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოწყობილობაა – ამაზე მიუთითებს ისიც, რომ 2015 წელს გამოშვებული Apple Watch-ის შემდეგ, ეს კომპანიისთვის პირველი ახალი ტიპის მოწყობილობაა. ამ სფეროში Apple-ის მთავარი კონკურენტი Meta იქნება, რომელიც ამ ბაზრის ერთ-ერთი დომინანტი კომპანიაა.
თავდაპირველად, AR/VR-სათვალის წარდგენას Apple-ი ამა წლის ივნისში, Worldwide Developers Conference-ზე აპირებდა, მაგრამ მოწყობილობის გადახურებისა და კონტენტთან დაკავშირებული პრობლემების გამო პრეზენტაცია გადაიდო. მარკ გარმენის თქმით, Apple-ის ახალ მოწყობილობას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
აღნიშნულ მოწყობილობაზე მუშაობა Apple-მა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო – მისი კოდური სახელწოდებაა „N301“. კომპანიის ამ პროექტს Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ როკველი ხელმძღვანელობს, რომელსაც Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის საინჟინრო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დენ რიკიო ეხმარება. საერთო ჯამში, AR/VR-სათვალეზე iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის წარმოების გამოცდილების 2000-მდე ადამიანი მუშაობს – მათი კრებითი სახელია Technology Development Group-ი, ანუ TDG-ი. საინტერესოა, რომ შერეული რეალობის ამ სათვალისთვის Apple-მა არაერთი დამატებითი ექსპერტი დაიქირავა როგორც NASA-დან, ასევე ვიდეოთამაშების ინდუსტრიიდან.
Apple-ის შერეული რეალობის სათვალის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით: როგორც ირკვევა, მას Mac-ის მსგავსი მძლავრი პროცესორები და ულტრაგარჩევადობის ეკრანები ექნება. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პირველი სათვალე შერეული რეალობისა იქნება, კომპანია კიდევ ერთ AR-სათვალეზე მუშაობს, რომლის გამოშვება ათწლეულის ბოლოსთვის იგეგმება. აპლიკაციებს რაც შეეხება, Apple-ი პირველ რიგში iPhone-ის აპლიკაციების სათვალისთვის მორგებაზე მუშაობს, რათა ადამიანებმა კომუნიკაცია თავიდანვე მარტივად შეძლონ.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად, Apple-ის სათვალის გამოშვება ჯერ 2019 წლისთვის იყო დაგეგმილი, მერე კი 2021-ში, მაგრამ, როგორც ჩანს, მოცდა კიდევ მოგვიწევს. აღსანიშნავია, რომ Apple-თან ერთად, ახალი შერეული რეალობის სათვალის გამოშვებას Meta-ც გეგმავს – მოწყობილობა, კოდური სახელით „Project Cambria“ – $800-ზე მეტი ეღირება. თუმცა, როგორც ირკვევა, Apple-ის მოწყობილობა გაცილებით უფრო ძვირი ეღირება – დღეს მისი საორიენტაციო ფასი $2000-ს აღემატება.
ისე კი, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, Apple-ისა და Meta-ს გააქტიურება ამ სფეროში მოულოდნელი სულაც არ არის – გასულ წელს მსოფლიოში 11 მილიონი AR- და VR-მოწყობილობა გაიყიდა, რაც 92%-იან ნამატს შეადგენს. ბაზარზე Meta დომინირებს – 2021 წლის გაყიდვების 78% სწორედ Oculus Quest 2-ზე მოდის. მოსალოდნელია, რომ ბაზარზე Apple-ის გამოჩენით, ამ სფეროს ზრდის ტემპი საგრძნობლად დაჩქარდება.
WhatsApp-მა ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული API-სერვისი ჩაუშვა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ WhatsApp-მა ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული API-სერვისი გაუშვა, რომელიც მსოფლიოს გარშემო არსებული ყველა ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საინტერესოა, რომ აღნიშნული სერვისი, რომლის ბეტა-ტესტირება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, WhatsApp-ის Business API-სერვისის ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ანალოგია.
თავისთავად ბიზნეს-API-სერვისი კი, WhatsApp-ის პირველი სერვისია, რომელსაც კომპანიისთვის შემოსავალი მოაქვს – ბიზნესები WhatsApp-ს თანხას გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობის მიხედვით უხდიან, ხოლო თავად ტარიფი დამოკიდებულია როგორც ადგილმდებარეობაზე, ასევე გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობაზე. გასული წლის მონაცემებით, WhatsApp-ის ამ სერვისს ათიათასობით ბიზნესი იყენებდა, მათ შორის Vodafone-ი, BWM, KLM Royal Dutch Airlines-ი და სხვები.
როგორც ხედავთ, WhatsApp-ის ზემოაღნიშნულ სერვისს, როგორც წესი, მხოლოდ დიდი ზომის კომპანიები იყენებენ, რისი მიზეზიც ნათელია – ეს სერვისი ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული არ არის, რაც მომხმარებელს ავალდებულებს, ინფორმაცია საკუთარი ხარჯებით დაასაწყობოს. საპირწონედ ამისა, WhatsApp-მა ეს სერვისი ქლაუდ-ტექნოლოგიას დაუკავშირა, რითაც ის მცირე ზომის ბიზნესებისთვისაც გახადა ხელმისაწვდომი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორთავე ზემოხსენებული სერვისი – სრულიად უფასოა.
WhatsApp-ის ამ სიახლის შესახებ Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა შეტყობინებებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე – Conversations-ზე ისაუბრა. „საუკეთესო ბიზნესგამოცდილება ისაა, რომელიც ადამიანს ხვდება იქ, სადაც ის იმყოფება. ჩვენი სერვისით, ყოველკვირეულად, ბიზნესანგარიშების გამოყენებით ერთ მილიარდ მომხმარებელზე მეტი სარგებლობს. ისინი დახმარებას გვთხოვენ – პროდუქტებისა და სერვისების პოვნა და ყველაფრის შეძენა სურთ, ძვირად ღირებული პროდუქტებიდან – ყოველდღიური მოხმარების ნივთებამდე. დღეს კი მოხარული ვარ განვაცხადო, რომ WhatsApp-ის ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული API-სერვისის გაშვებით, WhatsApp-ის შესაძლებლობებს მსოფლიოს გარშემო არსებული ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის ვხსნით“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

WhatsApp-ში სჯერათ, რომ ახალი API-სერვისის გამოყენებით, კომპანიები გაცილებით უფრო მეტ ადამიანთან შეძლებენ დაკავშირებას. ამასთანავე, სერვისის ქლაუდ-ტექნოლოგიაზე გადაყვანით, Meta-ს მომხმარებლებისთვის სასერვერო დანახარჯების შემცირება და სიახლეებთან წვდომის გაუმჯობესება სურს.
ისე კი, აიცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ WhatsApp-ს ზემოხსენებული სერვისის ალტერნატივაც აქვს – 2018 წელს გაშვებული ბიზნეს აპი, რომელიც მცირე ბიზნესებს WhatsApp-ში საკუთარი ბიზნესის გადატანაში ეხმარება. WhatsApp-ის ჩვეულებრივი სერვისების გარდა, ბიზნეს აპი დამატებით ფუნქციონალსაც ითავსებს – აპლიკაციით შესაძლებელია როგორც ავტომატური მოპასუხის გააქტიურება, ისე ხშირად დასმული შეკითხვების ფანჯრის შექმნა, სტატისტიკის ნახვა და სხვა.
Gatik-ის თვითმართვადი სატვირთოები კანზასის გზებზეც გამოჩნდება
ამიერიდან, ამერიკული Gatik-ის თვითმართვადი სატვირთო ავტომობილები კანზასის გზებზეც გამოჩნდება – შესაბამის განკარგულებას ხელი შტატის გუბერნატორნა, ლორა კელიმ ხელი გასულ კვირას მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე Gatik-მა ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Walmart-თან ერთად იმუშავა – კომპანიებს სურთ, რომ ავტონომიური მანქანებისთვის საჯარო გზებზე მიმოსვლის დაშვება უსაფრთხოდ და მდგრადად მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით, კანზასი ამერიკის რიგით 25-ე შტატი გახდა, რომელმაც გზებზე სრულად ავტონომიური მანქანების მიმოსვლა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ კანზასის გარდა, Gatik-ის სატვირთოები შტატ არკანზასშიც ფუნქციონირებენ – შტატის ხელისუფლებამ Gatik-ის თვითმართვადი სატვირთოების კომერციული გამოყენება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაუშვა. თავდაპირველად არკანზასული კანონი Gatik-ს სათადარიგო მძღოლის ყოლას ავალდებულებდა, მაგრამ 18-თვიანი სატესტო პერიოდის წარმატებულად გასვლის შემდეგ კომპანიას ეს ვალდებულება მოეხსნა და დღეს მათი სატვირთოები სრულად თვითმართვადია.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Gatik-ის თვითმართვადი ტექნოლოგია საკმაოდ წარმატებული და დახვეწილია – 2019 წლიდან კომპანიას უსაფრთხოების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს დაფიქსირებული არკანზასში, ტეხასში, ლუიზიანასა და კანადის პროვინცია ონტარიოში. საინტერესოა ისიც, რომ 2021 წელს Gatik-ი პირველი კომპანია გახდა მსოფლიოში, რომელმაც საწყობიდან სადისტრიბუციო ცენტრამდე ტვირთის კომერციული გადაზიდვების განხორციელება დაიწყო – ეს Walmart-თან ერთად მოხდა, შტატ არკანზასში.
აღსანიშნავია, რომ Gatik-ი მხოლოდ ერთსა და იმავე გზაზე წარმოებულ განმეორებად B2B-გადაზიდვებზე ფოკუსირდება – ამგვარი მიდგომა კომპანიას ხელს უწყობს როგორც ტვირთის გადაზიდვის ეფექტიანობის გაზრდაში, ასევე უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში.
Qualcomm-მა თხელი და უკაბელო გაფართოებული რეალობის სათვალე წარადგინა
მიკროჩიპების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა Qualcomm-მა გაფართოებული რეალობის განახლებული სათვალე, Smart Viewer-ი წარმოადგინა – საინტერესოა, რომ ეს დიზაინი საორიენტაციოა და მისი გამოყენება კომპანიებს სათვალეების კომერციალიზაციისთვის შეუძლიათ. ვიზუალურად, გაფართოებული რეალობის ახალი სათვალე Qualcomm-ის წინა თაობის მოწყობილობებს ჰგავს, მაგრამ მას უფრო მძლავრი მიკროჩიპების კომპლექტი აქვს ჩაშენებული და ინტერნეტთან დაკავშირების უკეთესი სისტემა აქვს, რომელიც USB-C-ტიპის პორტის ნაცვლად Wi-Fi 6 / 6E-სა და Bluetooth-ს იყენებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ცვლილება, როგორც წესი, ბატარეის ფუნქციონირებას საგრძნობლად ამცირებს – თუმცა, რაკიღა ეს საორიენტირო დიზაინია, კომპანიებს ამ სისტემის ჩანაცვლება სურვილისამებრ შეუძლიათ.
ამ ეტაპზე, Qualcomm-ის საორიენტაციო სათვალე, რომელზეც Goertek-მა იმუშავა, კომპანიის რამდენიმე პარტნიორისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი გამოყენების არეალი მალევე გაფართოვდება.
/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_image/image/70891312/Hero_Image_for_Wireless_XR2_AR_Viewer__JPG.0.jpg)
აღსანიშნავია, რომ წინა თაობის მოწყობილობის მსგავსად, სმარტფონსა და კომპიუტერს გაფართოებული რეალობის ახალი სათვალეც უკავშირდება და მას ასევე აქვს თავისა და ხელების მოძრაობის თვალის მიდევნების ფუნქცია, რომელიც სპეციალური კამერებით და micro-OLED-დისპლეებზე გამოსახული პროექციებით ხორციელდება. ეკრანის გარჩევადობას რაც შეეხება, Qualcomm-მა პარამეტრები უცვლელი დატოვა – 1920×1080 პიქსელი და 90Hz, მაგრამ მხედველობის არე 40 გრადუსამდე შეამცირა.
არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ Smart Viewer-ის მხედველობის არე გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე, მაგალითად, Magic Leap 2-ის 70-გრადუსიანი მხედველობის არე. თუმცა ეს ნაკლი Qualcomm-მა სათვალის ჩარჩოს გათხელებით აღმოფხვრა – ახალი სათვალის ჩარჩო 15.6 მილიმეტრის სისქისაა, რის გამოც, სათვალე ამობურცულია აღარაა. გარდა ამისა, სათვალე 115 გრამს იწონის, რაც რამდენიმე გრამით აღემატება Nreal-ის Light-სათვალეს, მაგრამ მსუბუქია Apple-ის AR/VR-სათვალეზე, რომლის შესახებ ამ სტატიაში უკვე მოგიყევით – თავისთავად ცხადია, რომ Qualcomm-ის ამ სათვალის წონა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე Meta-ს Quest 2-ზე, რომელიც 503 გრამს იწონის.
Google Fonts-ს ქართული შრიფტის კომპლექტი, Noto Sans Georgian-ი დაემატა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Google Fonts-ს პირველი ქართული შრიფტის კომპლექტი, Noto Sans Georgian-ი დაემატა, – სიახლის შესახებ ოპერაციული უზრუნველყოფის ინჟინერმა, მიშო თექთუმანიძემ LinkedIn-ში დაწერა.
როგორც ირკვევა, ქართული შრიფტის კომპლექტის დამატების თაობაზე მიშო თექთუმანიძემ Google-ს ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში მიმართა. „უკვე წლებია, რაც Google Fonts-ი დეველოპერულ კომუნას ეხმარება. Fonts-ში ბევრი დამწერლობა გვხვდება, მათ შორის ბერძნული და ტაილანდური, მაგრამ სამწუხაროდ – ქართულს არც ერთი შრიფტი არ არის მორგებული. Google-ს არაერთი ქართული შრიფტის კომპლექტი აქვს, მათ შორის Noto, ასე რომ ახალი ფონტების შექმნა ან ლიცენზირება საჭირო არ არის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Google Fonts-ში ქართული შრიფტის კომპლექტის გამოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სტარტაპებსა და მცირე ზომის კომპანიებს ვებში ქართული დამწერლობის გამოყენებას გაუადვილებს.
Google-ი რუსეთში თავს ბანკროტად გამოაცხადებს
Google-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ამერიკულ გიგანტს რუსეთში წარმოადგენს, თავს ბანკროტად გამოაცხადებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ მას საბანკო ანგარიშთან წვდომა შეუზღუდა – აღნიშნულის გამო, კომპანია საკუთარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვას ვეღარ ახერხებს.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს ბანკის ანგარიშის დაყადაღებამ ჩვენი რუსული ოფისის ფუნქციონირება, მათ შორის რუსეთში არსებული თანამშრომლების სამსახურში აყვანა და მათთვის ანაზღაურების გადახდა, მომწოდებლებისა და გამყიდველების მომსახურების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შეუძლებელი გახადა“, – ვკითხულობთ Google Russia-ს მიერ სხვადასხვა მედიაკომპანიისადმი გაგზავნილ მიმართვაში. „Google Russia-მ საკუთარი თავის ბანკროტად გამოცხადების შესახებ განაცხადი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ რუსული ციფრული სარეკლამო სივრცის გაყიდვა Google-მა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე შეწყვიტა – ამასთანავე, YouTube-ზე დაიბლოკა სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მოგვიანებით პლატფორმიდან საერთოდ წაიშალა.
თუმცა რუსულ Google-სა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას არ უკავშირდება – საქმე ისაა, რომ გასულ დეკემბერს რუსეთმა Google-ი $98 მილიონით დააჯარიმა, რადგან ამერიკულმა კომპანიამ საკუთარი პლატფორმიდან არ წაშალა ის კონტენტი, რომელიც რუსეთში აკრძალულად მიიჩნევა. ცნობისთვის, ამ ჯარიმამ Google-ის რუსული შემოსავლის დაახლოებით 8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებას Google-ის საქმიანობა ქვეყანაში არ აუკრძალავს, როგორც ეს Facebook-ისა და Instagram-ის შემთხვევაში მოხდა. აქვე გეტყვით, რომ, როგორც Google-ის განცხადებიდან ირკვევა, ის საკუთარი უფასო სერვისების რუსეთში ოპერირების შეწყვეტას არ გეგმავს.