Apple-მა სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის ბრალდებით OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

Apple-მა სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის ბრალდებით OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ფოტო: Dilara Irem Sancar/Anadolu via Getty Images

 

Apple-მა ხელოვნური ინტელექტის ამერიკულ სტარტაპ OpenAI-სა და თავისი ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის ბრალდებით, სასამართლო დავა დაიწყო. Apple-ის მტკიცებით, მათ კომპანიის კონფიდენციალური ტექნოლოგიები და სავაჭრო საიდუმლოებები OpenAI-ის აპარატული უზრუნველყოფის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენეს.

Apple-ის მიერ ჩრდილოეთ კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში დასახელებულ მოპასუხე სუბიექტებს შორის არიან OpenAI, ასევე აპარატული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია IO Products-ი და ორი თანამშრომელი — OpenAI-ის აპარატული უზრუნველყოფის („ჰარდვეარი“) მიმართულების ხელმძღვანელი ტანგ ტანი, რომელიც Apple-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, და ჩანგ ლიუ, Apple-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით OpenAI-ს შეუერთდა.

Apple-ის მტკიცებით, ლიუმ კომპანიის დატოვებამდე Apple-ის ლეპტოპი და კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპარა, ხოლო ტანმა, სავარაუდოდ, Apple-ის თანამშრომლებს, რომლებიც OpenAI-ში გასაუბრებაზე იმყოფებოდნენ, მისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდებინა. Apple-ის სარჩელის თანახმად, ამჟამად OpenAI-ში Apple-ის 400-ზე მეტი ყოფილი თანამშრომელი მუშაობს.

შეგახსენებთ, Apple-სა და OpenAI-ს შორის 2024 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-ში ChatGPT-ის ინტეგრირებას ითვალისწინებდა. თუმცა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ივნისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი Siri AI წარადგინა, რომელიც არა OpenAI-ს, არამედ Google-ის Gemini-ის ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.

Apple-ის მტკიცებით, 2024 წლის თანამშრომლობის შეთანხმება მიმდინარე საქმესთან კავშირში არაა. მიუხედავად ამისა, Apple-ი სასამართლოსგან ზიანის ანაზღაურებას, სავარაუდოდ, მოპარული კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების შეწყვეტას და მისი დაბრუნების შესახებ შესაბამისი ბრძანებების გაცემას ითხოვს.