გასული წელი და 2019 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2019 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და ინფლაციის დონის შემცირება იქნებოდა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების პარალელურად.

ინფლაციასთან დაკავშირებული გამოწვევა დაძლეულ იქნა და ნოემბრის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა. ლარის კურსი კი 2018 წელსაც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა. ერთი დოლარის ფასი 2.39-სა და 2.77-ს შორის მერყეობდა.

ამასთან, მთავრობას 3 მილიარდამდე ლარი უნდა დაეხარჯა კაპიტალურ პროექტებზე, რაც დაახლოებით 80%-ით შესრულდა.

2018 წელი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით. მთავრობამ 4.5%-იანი პროგნოზი წლის ბოლოს 5%-მდე აამაღლა. ეს ძირითადად გაზრდილმა ტურიზმმა, ექსპორტმა და საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა განაპირობა. თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტიც და ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

მაისიდან გამკაცრდა რეგულაციები სამომხმარებლო სესხებზე, რამაც მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები 17%-ით შეამცირა. ნოემბრიდან სამომხმარებლო სესხების რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო დამატებითი რეგულაციების ამოქმედება 2019 წლამდე გადავადდა.

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია

2018 წლის ნოემბრამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაიზარდა და, მაღალი ალბათობით, ფაქტობრივი მაჩვენებელი (რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდება) 5%-თან ახლოს იქნება, რადგან იანვარ-ოქტომბრის ზრდამ 5.1% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდამ იქონია, რაც, თავის მხრივ, ჩვენს რეგიონში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ განაპირობა. შიდა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად დაბრუნების სისტემის ამოქმედება და მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების 40%-იანი ზრდა.

ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 1.9% შეადგინა. ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაცვის ფასი გაიზარდა – 5.5%-ით. სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა 3.8%-ით. 4.6%-ით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.4%-ით გაიაფდა.

2018 წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული განაკვეთი) 7.25% იყო. ეროვნული ბანკი განაკვეთის თანდათანობით შემცირებას გეგმავდა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ლარის გაუფასურების გამო ინფლაციის რისკები გაიზარდა და ბანკმა განაკვეთი მხოლოდ 7.0%-მდე შეამცირა.

საგარეო ვაჭრობა

გასული წელი საქართველოს ექსპორტის ზრდის მხრივ კარგი წელი იყო. იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 24%-ით (594 მლნ დოლარით) გაიზარდა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგი პროდუქტების გატანის ზრდამ განაპირობა: მსუბუქი ავტომობილების, სპილენძის მადნების, ფეროშენადნობების, სიგარეტისა და ღვინის. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ბულგარეთსა და თურქეთში.

იანვარ-ნოემბერში ექსპორტის პარალელურად იმპორტიც გაიზარდა 17%-ით (1 167 მლნ დოლარით). იმპორტის ზრდა ძირითადად შემდეგი პროდუქტების შემოტანის ზრდამ განაპირობა: ნავთობის, მსუბუქი ავტომობილების, სპილენძის მადნების, სიგარეტისა და კომპიუტერების. იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა.

ჯამში, იმპორტი ექსპორტთან შედარებით 573 მლნ დოლარით მეტად გაიზარდა და, შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც გაუარესდა. 11 თვის დეფიციტმა 5 258 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის დეფიციტზე 574 მლნ დოლარით მეტია.

ტურიზმი

2018 ძალიან კარგი წელი იყო ტურიზმის მხრივ. იანვარ-ნოემბერში საქართველოში 17%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. ვიზიტორების (ტურისტებთან ერთად მოიცავს ტრანზიტს და ერთი დღით ჩამოსულ სტუმრებს) რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმის ზრდა სარეკლამო კამპანიის გააქტიურებამ და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ განაპირობა. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან გაიზარდა.

2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2018 წლის მონაცემი მარტის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ ცოტა 3.2 მილიარდი დოლარი იქნება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

დღეისათვის 2018 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 27%-ით ნაკლებია. ჯამში, 9 თვეში 374 მლნ დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.

ინვესტიციები ყველაზე მეტად თურქეთიდან (269 მლნ დოლარით) და აზერბაიჯანიდან (196 მლნ დოლარით) შემცირდა, რაც ძირითადად გაზსადენის, შაჰდენიზ 2-ის მშენებლობის დასასრულის ფაზაში გადასვლამ განაპირობა. ბოლო წლებში შაჰდენიზ 2-ის ფარგლებში საქართველოში წლიურად ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოდიოდა.

ინვესტიციები ყველაზე მეტად ლატვიიდან (41 მლნ დოლარით) და გერმანიიდან (30 მლნ დოლარით) გაიზრდა. ჯამში, სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ 490 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ის ქვეყნებიდან 203 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო. მიუხედავად შემცირებისა, ყველაზე მეტი ინვესტიცია (170 მლნ დოლარი) აზერბაიჯანიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის ნიდერლანდები 140 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა (ბრიტანეთი) 137 მლნ დოლარით.

სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში შემოვიდა – 196 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის ტრანსპორტი 173 მლნ დოლარით,

მესამეზე კი ენერგეტიკის სექტორია 154 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა – 11 მლნ დოლარი.

ინვესტიციები ყველაზე მეტად ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებში შემცირდა, ჯამში 360 მლნ დოლარით, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად შაჰდენიზ 2-ის პროექტთან არის დაკავშირებული.

ლარის კურსი

წინა წლების მსგავსად, 2018 წელსაც, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ლარის დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი იყო. 2018 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.6 იყო. შემდეგ გამყარება დაიწყო და 5 აპრილს 2.39 შეადგინა. აგვისტომდე კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა 2.45-თან ახლოს. აგვისტოს დასაწყისიდან ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და 8 ნოემბერს 2.77-ს მიაღწია, მომდევნო პერიოდში კი დაახლოებით 10 თეთრით გამყარდა.

ტრადიციულად, წლის დასაწყისიდან ლარის გამყარება ძირითადად ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ზრდამ განაპირობა. გაიზარდა ექსპორტიც, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ექსპორტის ზრდა იმპორტის ზრდამ გადაფარა. შემოდგომიდან დაწყებული ლარის გაუფასურება ძირითადად გაზრდილმა იმპორტმა, შემცირებულმა ინვესტიციებმა, სეზონურმა ფაქტორებმა და უარყოფითმა მოლოდინებმა განაპირობა.

ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 265 მლნ დოლარი შეისყიდა. 2018 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს დოლარი არ გაუყიდია.

იანვარ-ნოემბერში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 102 მლნ დოლარით გაიზარდა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე – 2 950 მლნ დო ლარზე იყო.

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

2018 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები წლის განმავლობაში დაგეგმილზე მეტი შემოდიოდა, ამიტომ დეკემბერში პარლამენტმა ბიუჯეტის კანონი შეცვალა. ცვლილების შედეგად შემოსავლები 149 მლნ-ით, ხოლო ხარჯები 24 მლნ ლარით გაიზარდა. ძირითადად გაიზარდა შემოსავლები მოგების გადასახადიდან – 100 მლნ ლარით, საშემოსავლო გადასახადიდან – 60 მლნ ლარით და პრივატიზაციიდან 40 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მლნ ლარით შემცირდა, რადგან 2018 წელს დაგეგმილი მასშტაბური საგზაო პროექტების, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილო-სამხრეთი მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დაწყებამ 2019 წელზე გადაინაცვლა.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა ჯამში 12.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (ვალდებულებების წმინდა ზრდა) თავდაპირველად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3%-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად 2.5%-მდე შემცირდა. ეს მშპ-ის თავდაპირველ პროგნოზზე მეტად ზრდამაც განაპირობა.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 17.6 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა ახალი ვალების აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 11 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 306 მლნ ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 50 მლნ დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალს თუ დოლარებში ვნახავთ, 547 მლნ დოლარით არის გაზრდილი. სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 45% იყო. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ვალი მშპ-ის მიმართ 46% იყო.

2019 წლის გამოწვევები

წინა წლებისგან განსხვავებით, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ინფლაციის დონე ამაღლდეს. პირიქით, სხვა თანაბარ პირობებში, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანდათანობით შემცირებას შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, ის 2019 წლისთვის 4.5%-ზე არის პროგნოზირებული, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 0.5% პუნქტით ნაკლებია, ანუ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება. ეს გასაკვირი არ არის, მაშინ როდესაც გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა და ძალიან რთული იქნება ის წელს 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელს – 1.8 მილიარდ დოლარს დაუბრუნდეს.

ინვესტიციების შემცირებას არამარტო ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის კურსზეც აქვს ნეგატიური გავლენა. თუმცა ლარის კურსი საბოლოო ჯამში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე მისი პროგნოზირება რთულია. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი, რაც უფრო ნაკლებად გამყარდება ლარი გაზაფხულ-ზაფხულში, მით ნაკლები იქნება შემოდგომიდან მისი გაუფასურების ალბათობა.

2019 წლიდან ძალაში შევიდა გამკაცრებული რეგულაციები სესხის გაცემაზე, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუ პარალელურად სასესხო პროცენტი ბიზნესსესხებზე მნიშვნელოვნად არ შემცირდება და სამომხმარებლო სესხების შემცირებას არ გადაფარავს.

2019 წლიდან ძალაში შედის საპენსიო რეფორმა, რომლის მთავარი გამოწვევა პირველ ეტაპზე თავად ამ რეფორმის პრაქტიკაში დანერგვაა, ასე ვთქვათ, ამუშავება.

წლის მთავარი გამოწვევები ინვესტიციების ზრდა, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის (ძირითადად სავაჭრო დეფიციტის) შემცირება და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი 3.5 მილიარდი ლარის ათვისებაა.

საქართველო უკვე არის იმ ეტაპზე, როცა უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ბიზნესგარემოს თვისებრივი ცვლილებები სჭირდება. ეკონომიკური შინაარსის საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა დიდად აღარ დაგვეხმარება, მით უმეტეს აღნიშნულ რეიტინგებში ისედაც ლიდერ პოზიციებზე ვართ.

ბიზნესგარემოს თვისებრივ ცვლილებაში კი ქვეყნის მეტი დემოკრატიულობა, კანონის უზენაესობა და უკეთესი განათლებისა და კვალიფიკაციის სამუშაო ძალა იგულისხმება. დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით 2018 წელი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ყველაზე კარგად წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა. 2019 წელს არჩევნები არ არის და, შესაბამისად, მთავრობას ექნება ერთი მშვიდი წელი, რომ არა პოპულისტური, არამედ ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.