გერმანული მედიის ცნობით, რუსმა ჰაკერებმა გერმანულ ბანკებზე კიბერშეტევა განახორციელეს

გერმანული მედიის ცნობით, რუსმა ჰაკერებმა გერმანულ ბანკებზე კიბერშეტევა განახორციელეს

რუსეთის სახელმწიფოსთან აფილირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა, გასულ დღეებში გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას დასავლურ სადაზვერვო საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, გერმანული გაზეთი Bild-ი  ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური კიბერუსაფრთხოების სააგენტოს სპიკერის განცხადებით, ორგანოს მსგავსი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვს. Bild-ის თანახმად, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურმა ჰაკერული თავდასხმა დაადასტურა. უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა აცხადებს, რომ ჰაკერული თავდასხმა ბოლო დროს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე პასუხი იყო.

Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი პოზიციის დაფიქსირებამდე ოფიციალურ მოხსენებას დაელოდებიან.  გერმანიის ფინანსურმა მარეგულირებელმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავეს.

მოახლოებული არჩევნების ფონზე, გერმანელი ანალიტიკოსები და სფეროს მკვლევრები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან არჩევნებში პოტენციური ჩარევა, როგორც ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმების სახით, ისე დეზინფორმაციული კამპანიის მხრივ. ამის თქმის შესაძლებლობას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც იძლევა.

Fancy Bear-ი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის, GRU-ის, სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ კონტროლირებული ჰაკერთა ჯგუფია. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სწორედ აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი იდგა 2016 წელს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან.

რუსეთმა ჰაკერულ თავდასხმაში სახელმწიფოს ნებისმიერი სახით ჩართულობა უარყო.