საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე მომავალ სეზონში ინგლისურ კლუბ „უოტფორდში“ ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადება ახლახან გააკეთა.
როგორც „უოტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ჩაკვეტაძე კლუბს ბელგიური „გენტიდან“ სეზონური იჯარის წესით შეუერთდა. თუმცა, ამასთან ერთად, ინგლისელებმა 23 წლის ქართველი შემტევის გამოსყიდვის შესაძლებლობაც მიიღეს.
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა ფრანგული „მეციც“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თუმცა ტრანსფერი ბოლო ეტაპზე ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტში“ არც გასული სეზონი გაუტარებია. მან იჯარის წესით „სლოვანში“ ითამაშა და სლოვაკეთის ჩემპიონიც გახდა. 2022-2023 წლების სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 47 მატჩში ითამაშა და ერთი გოლის გატანა, ასევე რვა საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე გიორგი ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულებად მოცემული დროისთვის 2.40 მილიონი ევროა მითითებული. ქართველი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 9 მილიონ ევროდ, 2018 წლის დეკემბერში ფასობდა.