გუშინ, 14 ივლისს, UEFA-ს ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული, ისტორიაში მეოთხედ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისის ნაკრებს ანგარიშით 2:1 სძლია. ესპანეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო.
UEFA-მ გუშინვე გამოავლინა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები – ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკო უილიამსი დასახელდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო როდრის ერგო, ხოლო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი გახდა, რომელსაც 17 წელი ახლახან შეუსრულდა. როგორც ხედავთ, სამივე მათგანი ესპანეთის ნაკრების წევრია.
რაც შეეხება EURO 2024-ის „ოქროს ბუცს“, რომელიც ბომბარდირთა სიის ლიდერს გადაეცემა, ამ ტურნირზე ის ექვსმა ფეხბურთელმა დაიმსახურა – გიორგი მიქაუტაძემ, დანი ოლმომ, ჰარი კეინმა, კოდი გაკპომ, ჯამალ მუსიალამა და ივან შრანცმა. მათ ანგარიშზე 3-3 გოლია. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ახალი წესების მიხედვით, „ოქროს ბუცს“ ყველა თანაბომბარდირი ინდივიდუალურად მიიღებს.
შეგახსენებთ, გიორგიმ მიქაუტაძემ EURO 2024-ზე სამივე გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა, სამივე მეტოქის კარში – თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.
EURO 2024-ზე მეკარეებს შორის გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება აქვს.