Forbes: 2026 წლის უმსხვილესი მედიაგარიგებები და გაერთიანებები

Forbes: 2026 წლის უმსხვილესი მედიაგარიგებები და გაერთიანებები

ფოტო: Getty Images

 

2026 წელი მედიაინდუსტრიისთვის მასშტაბური ცვლილებების წლად ყალიბდება, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული მსხვილი გარიგებები და გაერთიანებებიც მიუთითებს. მიმდინარე პროცესები ერთნაირად აისახება როგორც ტრადიციულ, ისე ახალ პლატფორმებზე: სტრიმინგსერვისების შერწყმით დაწყებული, ბილბორდებსა და პოდკასტებში განხორციელებული ინვესტიციებით დასრულებული.

თუმცა ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში კვლავ Paramount Skydance-ის მიერ Warner Bros. Discovery-ს შესაძენად გაკეთებული შეთავაზებაა — კერძოდ, $111 მილიარდის ღირებულების ისტორიული გარიგება, რომელსაც 23 აპრილს, Warner Bros. Discovery-ს აქციონერებმა მხარი დაუჭირეს. საბოლოო დამტკიცებამდე, კომპანიებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლების მხრიდან მკაცრი ანტიმონოპოლიური შემოწმება უნდა გაიაროს, რათა დადგინდეს, ხომ არ გამოიწვევს შერწყმა ფასების ზრდას ან კონკურენციის შემცირებას.

მარეგულირებლების მხრიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, Paramount-ის კონტროლქვეშ აღმოჩნდება Paramount+, HBO Max-ი, Warner Bros.-ის სტუდიები და საინფორმაციო გიგანტი CNN. Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ელისონის ვარაუდით, ახალ კომპანიას გლობალურად 200 მილიონამდე გამომწერი ეყოლება. ეს მაჩვენებელი მოიცავს აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს, ასევე HBO-ს, BET+-ისა და Discovery+-ის გამომწერებს. თუმცა, შედარებისთვის, Netflix-ს 2025 წლის ბოლოსთვის 323 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

პარალელურად, 2026 წლის იანვარში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის Oracle-ს, TikTok-ის ამერიკული ოპერაციების მართვაზე უფლებამოსილება მიანიჭა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება $14 მილიარდად შეფასდა. შედეგად, აშშ-ში TikTok-ის აპლიკაციის ფუნქციონირების ვადაც, აკრძალვის საფრთხის გარეშე, განუსაზღვრელი პერიოდით გაგრძელდა.

TikTok-ის ამერიკული ოპერაციების მართვისთვის განკუთვნილ ახალ კომპანიაში, რომელიც TikTok USDS Joint Venture-ის სახელითაა ცნობილი, საკონტროლო წილს ტექნოლოგიური გიგანტი Oracle-ი, კერძო სააქციო კომპანია Silver Lake-ი და აბუ-დაბიში დაფუძნებული საინვესტიციო ფირმა MGX ინაწილებენ — თითოეულ მათგანზე 15-15%-იანი წილით. შეთანხმებით, ბიზნესის ძირითადი ნაწილი მის მშობელ კომპანია ByteDance-ს გამოეყო, თუმცა ჩინური ფირმა TikTok-ში აქციების საკონტროლო პაკეტის დაახლოებით 20%-ს კვლავ ინარჩუნებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოცხადებული მსხვილი გარიგებები, ციფრულ პლატფორმებთან ერთად, ტრადიციული მედიის ინდუსტრიასაც მოიცავს. მათ შორისაა ინვესტორთა ჯგუფის — Mubadala Capital-ისა და TWG Global-ის ხელმძღვანელობით — მიერ ბილბორდების კომპანია Clear Channel Outdoor-ის შესაძენად გაკეთებული $6.2-მილიარდიანი შეთავაზება. ტრანზაქცია, რომელიც 2026 წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს, სრულად ნაღდი ფულით დაიფარება. ამ თანხიდან დაახლოებით $3 მილიარდი კომპანიის დავალიანების დაფარვასა და შემდგომ გაფართოებას მოხმარდება.

აღნიშნული გარიგების მიზანი Clear Channel-ის სტატიკური ბილბორდების ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, პროგრამირებად სარეკლამო პლატფორმად გადაქცევაა. შედეგად, ბილბორდებზე რეკლამის ყიდვა სამომავლოდ ისეთივე მარტივი და მონაცემებზე ორიენტირებული პროცესი გახდება, როგორიც Google-ში რეკლამის განთავსებაა.

ახალი მფლობელი ჰყავს ბრიტანულ საგაზეთო ჯგუფ Telegraph Media Group-საც. კომპანია 575 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით $766 მილიონი) გერმანულმა მედიაგიგანტმა, Axel Springer-მა შეიძინა. Axel Springer-ის საკუთრებაშია Politico და Business Insider-იც. ცნობისთვის, აღნიშნული გარიგების გაფორმებამდე აბუ-დაბის მიერ მხარდაჭერილი შესყიდვის მცდელობა, უცხოური სახელმწიფო მფლობელობის შესახებ არსებული მკაცრი რეგულაციების მიზეზით, ჩაიშალა.

პარალელურად, სემ ოლტმენის OpenAI-მ ბიზნესმედია Best Podcasts Network-ი (BPN) შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. BPN-ის ფლაგმანურ ყოველდღიურ ტექნოლოგიურ შოუს თითოეულ ეპიზოდს 70,000-მდე მაყურებელი ჰყავს, წლიური შემოსავალი კი $30 მილიონს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ Best Podcasts Network-ის გუნდი მხოლოდ რამდენიმე ათეული თანამშრომლით შემოიფარგლება. OpenAI გეგმავს, BPN თავის სტრატეგიულ დივიზიონში გააერთიანოს შიდა კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გაძლიერების მიზნით, თუმცა პოდკასტი სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

ასევე გასულ თვეში ფორმალურად დასრულდა Nexstar-ისა და Tegna-ს გაერთიანებისათვის საჭირო ტრანზაქციის პროცესი, თუმცა მალევე გარიგება შტატების გენერალურმა პროკურორებმა და კომპანია DirecTV-მ გაასაჩივრეს. მომჩივანი მხარის მტკიცებით, გაერთიანება ადგილობრივ სატელევიზიო ბაზარზე არასამართლიან კონკურენტულ გარემოს შექმნის. ანტიმონოპოლიურ საფუძვლებზე დაყრდნობით, აშშ-ის საოლქო სასამართლომ მარტის ბოლოს პროცესის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, მოგვიანებით კი ტრანზაქცია საბოლოოდ შეაჩერა. სასამართლოს განჩინებით, ამ ეტაპზე კომპანიებს ოფიციალურად გაერთიანება ეკრძალებათ და Tegna კვლავ დამოუკიდებელ სუბიექტად აგრძელებს ოპერირებას.