რამდენიმე დღის წინ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფორუმზე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, სიტყვით გამოვიდა. მისი ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული სახელმწიფოების დასახმარებლად ექვსი კონკრეტული ამოცანა მოიხაზა. გუტიერეშმა განაცხადა, რომ ქვეყნები მდგრადი განვითარების გზას დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ.
გუტიერეშის სურვილი, დააფინანსოს განვითარების მაჩვენებელი COVID-19-ის კონტექსტში, უამრავი რესურსისა თუ პოლიტიკური ნების მობილიზებას ნიშნავს. „პანდემიის დაწყების დღიდან ერთი წლის ვადაში თითქმის არც ერთი მულტილატერული საპასუხო ზომა არ განხორციელებულა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, პანდემიამ 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 120 მილიონი კი უკიდურეს სიღარიბეში დააბრუნა. გარდა ამისა, გაუქმდა დაახლოებით 255 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი. მსოფლიო ეკონომიკას ამგვარი რეცესია 90 წლის განმავლობაში არ უნახავს. კრიზისის დასასრული კი ჯერ არ ჩანს. მეტიც, ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დროს კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.
აქედან გამომდინარე, ანტონიო გუტიერეშმა ამჟამინდელი ვითარება მსოფლიოს მთავარ გამოწვევად ჩათვალა და მის აღმოსაფხვრელად ექვსი საპასუხო ზომაც შემოგვთავაზა.
გენერალური მდივნის 6-პუნქტიანი გეგმა
პირველ პრიორიტეტად გუტიერეშმა ვაქცინის ხელმისაწვდომობა დაასახელა უკლებლივ ყველა სახელმწიფოსათვის. „პანდემიის დასასრულებლად ჩვენ გვესაჭიროება ვაქცინაზე თავისუფალი წვდომა ყველგან და ყველასათვის“, – განაცხადა მან.
მეორე ზომა ეკონომიკური ჩავარდნის შეღავათიან დაფინანსებად შეცვლას გულისხმობს საშუალოშემოსავლიანი სახელმწიფოებისთვისაც კი. ამის განსახორციელებლად კი გუტიერეშმა დონორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს ძალისხმევის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი მესამე პუნქტი ამჟამად მეტად აქტუალურ საკითხს ეხება. ხარჯვის მიზნობრიობას, როგორც ჩანს, ანტონიო გუტიერეში დიდ ყურადღებას აქცევს. მისი განცხადებით, კონკრეტული თანხები უნდა მიიმართოს იმ მიმართულებით, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.
გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გააჟღერა. „უკანასკნელი ანგარიშებიცხადყოფს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობებს, რომ შემოიღონ სოლიდარობის გადასახადი ან გაუზარდონ სიმდიდრის გადასახადი მათ, ვინც პანდემიისას ფინანსურად იხეირა. ასე შევძლებთ უკიდურესი უთანასწორობის მცირედით შემცირებას“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
მეოთხე ზომა გულისხმობს სასესხო კრიზისის მოგვარებას სესხების შეჩერებით, გადავადებით, შემსუბუქებითა თუ ლიკვიდურობით იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ეს სჭირდებათ. ამ ინიციატივით მან გამოთქვა სურვილი, გაიზარდოს სასესხო მომსახურების შეჩერების ინიციატივის ხანგრძლივობა. ეს პუნქტი ითვალისწინებს ხელმისაწვდომობას ყველა სახელმწიფოსათვის, განსაკუთრებით კი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის. ახალი მექანიზმების წყალობით, სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ სესხის გაცვლის, უკან დაბრუნებისა თუ გაუქმების ოფციის გამოყენება.
მეხუთე პუნქტი ადამიანებში ინვესტირების გაზრდისაკენ მოუწოდებს სახელმწიფოებს. გუტიერეშს ღრმად სწამს, რომ საჭიროა ახალი სოციალური კონტრაქტი, რომელიც უფრო მეტად სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული. მისი განცხადებით, უნდა გაიზარდოს ინვესტირება განათლებაში, მწვანე პროფესიებსა და ჯანდაცვის სისტემაში. ეს კი, თავის მხრივ, მდგრადი განვითარების საწინდარი იქნება.
გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული ამოცანების ბოლო ნაწილი უფრო ზოგადი ხასიათისაა. ის გულისხმობს ეკონომიკების აღდგენას მდგრადი და სამართლიანი გზებით, რომლებიც თანხვდენაში იქნება მდგრადი განვითარების მიზნებთან და პარიზის შეთანხმებასთან.
„გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენის პროცესების მხოლოდ 2.5 პროცენტს აქვს პოზიტიური ეფექტი და არის თანხვდენაში მწვანე პოლიტიკასთან“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.