ისრაელსა და „ჰამასს“ შორის აქტიური დაპირისპირება უკვე ერთ თვეზე მეტია, გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთს დიდი ზიანი მიაყენეს, გარდაიცვალა ათასობით ადამიანი, მილიონამდე კი იძულებით გადაადგილდა. კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. მოსალოდნელია, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში რამდენიმე თვით გაიწელება. დაპირისპირებაში სულ უფრო აქტიურად ერთვება მოსაზღვრე ლიბანში ბაზირებული შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლაც“. წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან რიცხვებს, რომლებიც კონფლიქტის დაწყებიდან 36-ე დღეს იკვეთება.
1.5 მილიონი – გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობის მოსახლეობა გადაადგილდა იძულებით ღაზის სექტორში. 1.5 მილიონ პალესტინელს საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება და სხვა არეალში ევაკუაცია მოუწია.
11,000-ზე მეტი – Reuters-ის მონაცემებით, კონფლიქტის მიმდინარეობისას ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა.
1,200 – 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილთა რიცხვი.
400-ზე მეტი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ სპეციალური ნებართვის საფუძველზე ღაზის სექტორი აშშ-ის 400-ზე მეტმა მოქალაქემ და რეზიდენტმა დატოვა.
240-მდე – ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა. ისრაელის მთავრობის გაცხადებული პოზიციით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ დატყვევებული მოქალაქეების გამოხსნა გახლავთ.
756 – Wall Street Journal-ისა და პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, 21 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებიდან დღემდე ღაზის სექტორში სწორედ აღნიშნული რაოდენობის ჰუმანიტარული სატვირთო შევიდა.
18 – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ღაზის სექტორში არსებული 36 სამედიცინო დაწესებულებიდან 18 არ ფუნქციონირებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში ყოველდღიურად 4-საათიანი ჰუმანიტარული პაუზის აღებას დათანხმდა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მანამდე არ მიიღწევა, სანამ „ჰამასი“ ტყვეებს არ გაათავისუფლებს.