ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 1.93 მილიონი მსესხებელია

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 1.93 მილიონი მსესხებელია

კრედიტინფოს უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიური მსესხებლების რაოდენობა 1.93 მილიონ ადამიანს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდი წილი, 82%, ბანკებთან გაფორმებულ საკრედიტო ვალდებულებებზე მოდის. მსესხებელთა 17%-ს საკრედიტო ვალდებულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტებთან, 1%-ს კი სალიზინგო კომპანიებთან აქვს.

გასული თვის მონაცემებით, აქტიური კონტრაქტების ჯამურმა საკრედიტო ვალდებულებამ 42.98 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებების 91% კი ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე მოდის.

საინტერესოა ისიც, რომ მარტის მონაცემებთან შედარებით, ოქტომბრის ბოლოსთვის მსესხებელთა ბაზა 39,080 ადამიანით შემცირდა.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ კონტრაქტებს, 1 წლამდე ვადით ვადაგადაცილებული კონტრაქტების მოცულობა 1.15 მილიარდ ლარს შეადგენს. 2-დან 3 წლამდე ვადით ვადაგადაცილებული კონტრაქტების მოცულობა კი 1 მილიარდი ლარია.