ჰარვარდის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამას აანონსებს

ჰარვარდის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამას აანონსებს

ჰარვარდის დევისის ცენტრმა რუსული და ევრაზიული კვლევების შესახებ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის ახალი პროგრამა დააანონსა. პროგრამას სტივენ ფ. ჯონსი, Mount Holyoke-ის კოლეჯისა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, უხელმძღვანელებს.

სტივენ ჯონსის განცხადებით, ამიერიდან ქართველ და სამხრეთკავკასიელ მკვლევრებს ჰარვარდში აკადემიური ცენტრი ექნებათ, სადაც ისინი აზრების გაცვლას, კვლევის ჩატარებასა და ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობას შეძლებენ. პროგრამის დაარსება კი სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პროგრამის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2.3 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებით, რომლის მიზანიც კვლევითი და სამეცნიერო გაცვლითი საქმიანობის პოპულარიზაციის გაზრდაა.

პროგრამა მიზნად ისახავს ამერიკელ სტუდენტებში გაზარდოს ცოდნა ქართული კულტურის, ისტორიის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქართველ მეცნიერთა კვლევითი პროექტები და დაფინანსდება მათი ჰარვარდის კამპუსში სტუმრობის ხარჯები.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი რავი ე. აბდელალის განცხადებით, რომელიც დევისის ცენტრსაც კურირებს, ქართველოლოგიის პროგრამის დამატება უნივერსიტეტისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რეგიონის კვლევით საქმიანობაში.

საქართველოსა და ქართული ენის შესახებ კურსები ჰარვარდის სტუდენტებისათვის ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგობრივ საგნებში 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

ფოტო: Josie W. Chen

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *