2021 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები

2021 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები

2021 წელი, განსაკუთრებით კი ზაფხული, მსოფლიო ფეხბურთის სამყაროსთვის მოულოდნელი და ძვირადღირებული ტრანსფერებით დატვირთული აღმოჩნდა. ყველა ჯერ კიდევ ლიონელ მესის მიერ, კლუბის ფინანსური პრობლემების გამო კატალონიურ Barcelona-ში 12-წლიანი კარიერის დასრულებას განიხილავდა, როდესაც მისმა მთავარმა კონკურენტმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატიდან ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა. შედეგად, 2021-22 წლის სეზონისთვის კლუბებსა და ჩემპიონატებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალ სეზონზე არგენტინელი ვარსკვლავი Paris Saint-Germain-ის, ხოლო პორტუგალიელი, 12 წლის შემდეგ, Mancheter United-ის მაისურს მოირგებს.

ტრანსფერების, გატანილი გოლებისა და „ოქროს ბურთის“ რაოდენობის გარდა, მსოფლიო სპორტის ორი უმთავრესი ფიგურა ერთმანეთს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის ტიტულისთვისაც ებრძვის. ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ მსოფლიოს მდიდარი ფეხბურთელების სიის სათავეში სწორედ რონალდუ და მესი არიან. ამ შემთხვევაში $125-მილიონიანი შემოსავლით რონალდუ რეიტინგის ლიდერია და $15 მილიონით ჩამოიტოვებს არგენტინელს. აღსანიშნავია, რომ რონალდუს შემოსავლებიდან $70 მილიონი ხელფასიდან და ბონუსებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი კი პერსონალურ შემოსავლებსა და სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის Nike-თან და Clear-თან კოლაბორაციას უკავშირდება. კომერციული მოგებით რონალდუს მხოლოდ სამი სპორტსმენი – როჯერ ფედერერი, ლებრონ ჯეიმსი და ტაიგერ ვუდსი- – უსწრებს.

საერთო ჯამში, Forbes-ის მიერ წარმოდგენილი რეიტინგის ათეულში შესული ფეხბურთელების დაბეგვრამდელი შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით $15 მილიონით გაიზარდა და ერთ სეზონში $585 მილიონი შეადგინა. საერთო თანხის დიდი ნაწილი,  $415 მილიონი, სწორედ ფეხბურთელების ხელფასებიდან და ბონუსებიდან მიღებული შემოსავალია, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2,6%-ითაა შემცირებული, რაც კლუბების მხრიდან Covis-19-ის გამო გამოჩენილი სიფრთხილით შეიძლება აიხსნას. მაისში UEFA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლუბებისთვის პანდემიით  გამოწვეული ზარალი $8,5 მილიარდს უდრის.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდგომ, რეიტინგის ათეულში ყველაზე მეტი ფეხბურთელით Paris Saint-Germain-ია წარმოდგენილი. PSG-ს სამეულიდან ორი Barcelona-ს ყოფილი მოთამაშეები – 34 წლის მესი და 29 წლის ნეიმარი არიან, გარდა ამისა კი ათეულშია 22 წლის ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე. მესის ტრასფერის შემდგომ რეიგინგში კატალონიური კლუბის არცერთი ფეხბურთელი არ გვხვდება. მადრიდული გრანდის ორი ვარსკვლავი კი ათეულის ბოლო ორ ადგილს ინაწილებს. რეიტინგში ერთადერთი არაევროპული კლუბის წარმომადგენელი 37 წლის ესპანელი ანდრეს ინიესტააა.

კრიშტიანუ რონალდუ – $125 მილიონი, Mancheter United.

Juventus-ში კარიერის დასრულებამდე პორტუგალიელი ფეხბურთელი Serie A-ს ბომბარდირი და ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამის შემდგომ რონალდუმ Mancheter United-ში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მან 2003-2009 წლებში ასპარეზობისას 292 ჩატარებულ მატჩში 118 გოლი გაიტანა. კრიშტიანუმ 18-წლიანი კარიერის განმავლობაში 32 მნიშვნელოვანი თასი მოიგო, მათ შორისაა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ხუთი ტიტული. ასევე პორტუგალიის გუნდთან ერთად გახდა UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი კარიერის მანძილზე $1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ის მსოფლიოს პირველი ათლეტი იყო, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ლიონელ მესი – $110 მილიონი, Paris Saint-Germain.

La Liga-ს ფინანსური კანონმდებლობიდან გამომდინარე, 21-წლიანი კარიერის შემდგომ ლიონელ მესის, აქამდე მისი ერთადერთი კლუბის, Barcelona-ს დატოვება მოუწია. კარიერის განმავლობაში არგენტინელის ანგარიშზე 672 გოლი და 268 ასისტი ირიცხება, გარდა ამისა,  35 ტიტული და 78 ჯილდო, მათ შორის ექვსი ოქროს ბურთი.

მესის მიერ კარიერის განმავლობაში ხელფასებიდან და ბონუსებიდან მიღებული შემოსავალი $875 მილიონს, სხვადასხვა კომერციული საქმიანობიდან კი $350 მილიონს უდრის, რაც საერთო ჯამში, $1-მილიარდიან ნიშნულს სცდება.

ნეიმარ ჯუნიორი – $95 მილიონი, Paris Saint-Germain.

ნეიმარმა Barcelona 2017 წელს დატოვა და რეკორდულ სატრანსფერო თანხად, $263 მილიონად Paris Saint-Germain-ს შეუერთდა. 29 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონზე პარიზულ კლუბთან კონტრაქტი დამატებით 4 წლით, 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბრაზილიელის საერთო შემოსავალმა 2021 წლის მიხედვით $95 მილიონი შეადგინა.

კილიან მბაპე – $43 მილიონი, Paris Saint-Germain.

გასულ ზაფხულს ფრანგმა ფეხბურთელმა Paris Saint-Germain-თან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რომელიც მის კლუბში 2024 წლამდე დარჩენასა და ნეიმარის მსგავსი ანაზღაურების მიღებას გულისხმობდა. 2021-22 წლების სეზონის ბოლოს ფრანგი ფეხბურთელის შეთანხმება ამჟამინდელ კლუბთან იწურება და, როგორც ყველასთვის ცნობილია, მბაპეს ოცნება კვლავ ესპანეთის სამეფო კლუბის რიგებში თამაშია. აღსანიშნავია, რომ მბაპემ კარიერის მანძილზე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ეს მის ასაკში მესიმ და რონალდუმ შეძლეს. ფრანგის მთლიანმა შემოსავალმა $43 მილიონი შეადგინა.

რეიტინგის შემდგომი ექვსეული კი ასე გამოიყურება:

  1. მუჰამედ სალაჰი – $41 მილიონი,
  2. რობერტ ლევანდოვსკი – $35 მილიონი, Bayern Munich.
  3. ანდრეს ინიესტა – $35 მილიონი, Vissel Kobe.
  4. პოლ პოგბა – $34 მილიონი, Manchester United.
  5. გარეტ ბეილი – $32 მილიონი, Real Madrid.
  6. ედენ აზარი – $29 მილიონი, Real Madrid.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *