Forbes Health-ის სადისკუსიო სერიები - თამბაქოს ზიანის შემცირება: ტომასო დი ჯიოვანი ცვლილების ინიცირების შესახებ

PM 01 WEB

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდამდე ადამიანი დღემდე სიგარეტს ეწევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შეფასებით, გლობალურად, მწეველთა რიცხვი საშუალოვადიან პერიოდში მაინც  მაღალი დარჩება.

ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ სიტუაციაში მეცნიერებას და ტექნოლოგიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია და უნდა შემოგვთავაზოს კიდეც გამოსავალი.

თუმცა, ისტორიას ახსოვს ბევრი მაგალითი, როცა ინოვაციას მთავრობებიც და სხვა ინტერესთა ჯგუფებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ და ამ მხრივ, არც თამბაქოს ზიანის შემცირებაა გამონაკლისი.

მეტიც, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით სკეპტიციზმის შემცირება კიდევ უფრო რთული გამოწვევაა, რადგან თამბაქოს ალტერნატივების შესახებ მეცნიერული მსჯელობა ხელისუფლებების მხრიდან ან პირდაპირ აკრძალულია ანდაც იდეოლოგიურად მოტივირებული, რაც ზოგადად თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ წლების განმავლობაში განმტკიცებულ უარყოფით დამოკიდებულებებს უნდა მივაწეროთ.

აქაც, ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეცნიერული მიგნებების იგნორირება, რაც შესაძლოა მართლაც იყოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი, ნაკლებად დამაზიანებელი მომავლის საფუძველი, განვითარებადი სამყაროს ქვეყნებს გაცილებით ძვირი უჯდებათ, რადგან სამყაროს ამ ნაწილში მწეველთა რიცხვი გაცილებით მაღალია.

Forbes Georgia-მ გადაწყვიტა, თავისი პლატფორმის Forbes Health-ის ფარგლებში ამ საკითხებზე დისკუსიის ველი გახსნას. როგორც ამ გამოცემის აღმასრულებელ რედაქტორს შესაძლებლობა მომეცა შვეიცარიაში ფილიპ მორისის კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომენახულებინა და უშუალოდ ინდუსტრიის გავლენიანი მოთამაშისგან მომესმინა, რა მიიჩნევა დღეს მთავარ გამოწვევად და პოტენციურ შესაძლებლობად, რომ მსოფლიოში, 10-15 წლის თავზე, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი მართლაც დადგეს – განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ამბობს უარს თამბაქოს მოხმარებაზე.

Forbes Health პლატფორმაზე თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ დისკუსიების სერიას ფილიპ მორისის საერთაშორისო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტთან ტომასო დი ჯოივანისთან ინტერვიუთი გავხსნით.

ტომასო დი ჯიოვანი ფილიპ მორისს 2001 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ რამდენიმე მიმართულება მოექცა – მათ შორის, ბიზნესის განვითარება, მარეგულირებელი გარემოს ანალიზი და კორპორატიული კომუნიკაციები საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლათინურ ამერიკაში (ნიუ იორკიდან), ბრაზილიასა და იტალიაში.

დღეს, ფილიპ მორისში ტომასოს როლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით  გლობალურ კომპანიასთან აფილირებული ფილიალების მხარდაჭერას გულისხმობს იმისთვის, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესახებ კომპანიის ხედვა მედიას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კარგად გააცნოს.

Forbes Georgia-მ ტომასო დი ჯიოვანისთან მოკლე, მაგრამ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ჯანმო უწონებს საქართველოს თამბაქოს რეგულირების შესახებ ევროპაში ყველაზე მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას; თუმცა, ამის მიუხედავად, იმ თითქმის 4 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ ახალი კანონმდებლობა დაამტკიცა, მწეველთა რიცხვი მაინც შედარებით ნელი ტემპით იკლებს. როგორ საქართველოს ამ ტემპის დაჩქარება? Forbes Georgia-ს აინტერესებს ინდუსტრიის აზრი.  

საინტერესოა, რომ ეს ახსენეთ – მიუხედავად იმისა, თუ რა ინტენსივობის ძალისხმევას ვწევთ თამბაქოს კონტროლის ტრადიციული ზომების დანერგვაზე, თავად ჯანმო-ც აღიარებს, რომ 2025 წლამდე გლობალურად მწეველთა მეტ-ნაკლებად იგივე რაოდენობა შენარჩუნდება, რაც დღეს გვაქვს და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. გავლენა, რაც ამ ტრადიციულ ზომებს აქვს დღეს არ არის იგივე, რაც წარსულში ჰქონდა. ჩემი აზრით, დამატებით მიდგომებზე უნდა დავფიქრდეთ იმისთვის, რომ სიგარეტის ეპოქა დავასრულოთ. ამისთვის კი მათ შორის, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაცია უნდა გამოვიყენოთ.

თუმცა, ჩემი კითხვა ეხება – როგორ გავაკეთოთ ეს – არსებობს დღეს რეგულირების საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველომაც შეიძლება გამოიყენოს?

ზოგიერთი ქვეყანა – მაგალითად, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და შედარებით ახლახან, უკვე ახალი ზელანდიაც ამ მხრივ ლიდერად ყალიბდება. ახალი ზელანდიის მაგალითი განვიხილოთ. ქვეყანამ შემოიღო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას გაცილებით მკაცრად არეგულირებს – მათ შორის, წვადი სიგარეტის შესახებ კომუნიკაციის წარმოებაზე დაწესებული შეზღუდვების გზითაც მაშინ, როცა მეორე მხრივ, ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ თამბაქოს პროდუქტებს:  ელექტრონულ სიგარეტებსა და გახურებულ თამბაქოს პროდუქტებს განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს და აქ მეტ სივრცეს ტოვებს, მომხმარებლებთან ამ პროდუქტების სარგებლისა და რისკების კომუნიკაციისთვის. ამასთან, მთავრობა პროაქტიულ საინფორმაციო კამპანიასაც კი ეწევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაანაცვლოს სიგარეტის მოწევა თამბაქოს ალტერნატივებით. სიგარეტისგან განსხვავებულია ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილებაც. ამ ორი სპექტრის ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად გამიჯვნით და შესაბამისად, კომუნიკაციის განსხვავებულად წარმართვით, ახალი ზელანდია ვარაუდობს, რომ ქვეყანა სიგარეტის მოხმარებას 2035 წლიდან სრულად შეწყვეტს.

რის გათვალისწინება შეუძლია საქართველოს?

ვფიქრობ, საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა უნდა გააანალიზონ ამ ტიპის მაგალითები, რადგან განსხვავებულმა რეგულირებამ და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერამ შეიძლება უზრუნველყოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი. ყველა ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს, მაგრამ ძირითადი პრინციპი, რომ მათ შორის, რეგულირებაც უნდა იყოს ნაკლები ზიანის შემცველი ალტერნატივების მხარდამჭერი, ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად წარმატებით მუშაობს.

ორი საკითხია: პირველი – თამბაქოს ალტერნატივების მიმართ იდეოლოგიურად მოტივირებული წინააღმდეგობა არსებობს და დიახ, საქართველოშიც მოიძებნება ასეთი ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ‘მოწევას თავი დაანებე ან მოკვდი’ პარადიგმით ხელმძღვანელობენ და მეორე – ცვლილების მიღწევაში თავად ინდუსტრიის ჩართულობას უკავშირდება, რადგან პოვადოს ცენტრის კვლევის ახალი მიგნებები გასაჯაროვდა და აშკარად ჩანს, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, ინდუსტრიისგან ელოდება თუნდაც რამდენიმე ხელშესახებ გამოსავალს. თან, აქ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ რესპოდენტები არიან როგორც მწეველები, ისე არამწეველები. ჩემი კითხვა ასეთია: როგორ შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ერთი მხრივ მოსახლეობა, რომელიც მზად არის მიიღოს ინოვაცია და მეორე მხრივ, თამბაქოს ზიანის შემცირება, როგორც ღირებულება იმისთვის, რომ უფრო ქვევიდან-ზევით პროცესი წახალისდეს და  თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის დამკვეთი თავად ხალხი იყოს?

როგორც კომპანია, ვცდილობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პლატფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მწეველებს, რომ წვის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული პროდუქტები გაცილებით ნაკლებ საზიანოა. გეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტი მწეველი ჩაანაცვლებს სიგარეტს ალტერნატიული პროდუქტებით, მით მეტი მომენტუმი გაჩნდება ცვლილებისთვის.  კიდევ ერთი, რაც კომპანიებს შეუძლიათ არის ის, რომ ისინი არ დაელოდონ მთავრობების მოქმედებებს და ალბათ მოგვბაძონ ჩვენ – თავად გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. თუმცა, სამწუხაროდ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციაზე დაწესებული შეზღუდვები იმდენად მკაცრია, რომ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. დღეს ბევრ ქვეყანაში და როგორც მესმის, სქართველოც მათ შორისაა, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვუთხრათ მწეველებს, რა რისკები და სარგებელი აქვს ამ ახალ პროდუქტებს. მწეველებს უჭირთ გაერკვნენ ამ განსხვავებებში და სიგარეტი  ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლონ. რატომ ჩაანაცვლებდით სიგარეტს რაღაც ელექტრონულით, რომლის მოხმარებაც უფრო რთულია, ზუსტად იგივე გემო არ აქვს და ელექტრონული მოწყობილობის გამო, მისი პირველადი ფასი გაცილებით მაღალია? რატომ შეაჩერებდით თქვენს ყურადღებას ასეთ პროდუქტზე, თუ არავინ გეტყვით, რომ ასეთი პროდუქტი გაცილებით უკეთესი არჩევანია?

და რა მიგაჩნიათ თქვენ მწეველებთან ასეთი კომუნიკაციის ნაკლებობის მთავარ შედეგად?

რა თქმა უნდა, შედეგი რომელიც სამწუხაროდ დგება ის არის, რომ მწეველები აგრძელებენ სიგარეტის მოხმარებას მაშინ, როცა დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა გადაერთონ ისეთ პროდუქტზე, რომლის შემადგენლობაშიც 95%-ით ნაკლები დამაზიანებელი კომპონენტია.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ სტატისტიკა და რიცხვები, რაც დღეს არსებობს არ არის საკმარისი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ ახალი პროდუქტები გაცილებით ნაკლენ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ცოტა დროა გასული ამ პროდუქტების ბაზრებზე გამოჩენიდან და ყველა კითხვაზე პასუხების გასაცემად საკმარისი მონაცემები ჯერ ვერ შეგროვდებოდა – ამ არგუმენტზე რა გაქვთ სათქმელი?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სრულიად დამოუკიდებელ ექსპერტს დავესესხები. მას მსგავსი კითხვა რამდენიმე თვის წინ, ვარშავაში, კონფერენციაზე დაუსვეს. მაშინ მან კითხვის ავტორს კითხვა ასე შეუბრუნა: ერთი რამ მითხარით – გსმენიათ თუ არა ეპიდემიოლოგიის შესახებ, რომელიც სათანადო რაოდენობის მონაცემებს შეაგროვებდა იმის სათქმელად, რომ თუ თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტებით, აუცილებლად მოკვდებით? პასუხი, რა თქმა უნდა, იყო – არა. და მაშინ ექსპერტმა კიდევ ერთი კითხვა დასვა: ნუთუ, ლოგიკურად იმას არ დაასკვნიდით, რომ ასეთ ვითარებაში ძალიან მაღალი იქნებოდა სიკვდილის რისკი? კითხვის ავტორი იძულებული იყო, ეპასუხა – დიახ. ზუსტად იგივე პასუხია ამ შემთხვევაშიც. დღეს ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს, ვიცოდეთ, რომ ახალი პროდუქტები სიგარეტზე გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა. გვაქვს ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები. ეპიდემიოლოგიის დასაწყისია იაპონიასა და კორეაში ჩატარებული კვლევები. ყველა დღე, როდესაც ჩვენ ლოდინს ვამჯობინებთ, ის დღეა, როცა ვიღაც სიგარეტის მოწევას აგრძელებს და ამით, საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. რას ვუცდით?

სკეპტიკოსებმა შეიძლება თქვენი ეს პასუხი ეპიდემიოლოგიის მნიშვნელობის დაკნინებად აღიქვან…

ცუდად არ გამიგოთ. ეპიდემიოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო კონკრეტულად გვაჩვენებს, რა ხარისხით მოხდება მოსახლეობისთვის ზიანის შემცირება. ეს უტყუარია. მაგრამ პარალელურად, ჩვენ უკვე დაგვიგროვდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მომხმარებლებს ვუთხრათ – თამბაქოს ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც არ მოიცავენ წვის პროცესს, გაცილებით უკეთესი არჩევანია, თუკი მათი ხარისხის კონტროლი და რეგულაციების დაცვის მონიტორინგი სათანადო დონეზე ტარდება.

აქ თუ გვაქვს ემპირიული მაგალითები?

სხვათა შორის, არის ერთი ქეისი, სადაც ათწლეულების ეპიდემიოლოგიაც კი არის დაგროვილი – ეს შვედეთია. შვედეთში, ისტორიულად, მამრობითი სქესი ძირითადად დასაღეჭ თამბაქოს მოიხმარდა, მდედრობითი სქესი კი სიგარეტს ანიჭებდა უპირატესობას. როდესაც ათეულობით წლის ეპიდემიოლოგიას აანალიზებ, თვალსაჩინო ხდება, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები გაცილებით ნაკლებად გვხვდება კაცებში, ვიდრე ქალებში. მეტიც, ასეთი დაავადებები მთელს ევროპაში ყველაზე ნაკლებად სწორედ შვედეთის მოქალაქე კაცებს აწუხებთ. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი მიზეზის გამო, დასაღეჭი თამბაქოს ეს პროდუქტი ევროპაში დღემდე აკრძალულია. ეს არის კონკრეტული ქეისი, რომელსაც ზურგს სწორედ ეპიდემიოლოგია უმაგრებს. ეს კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ კონცეპტი მუშაობს.

პრინციპში დღეს უკვე გაქვთ თქვენი ამ სიტყვების მყარი მტკიცებულება და ეს FDA (აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია)-ის გადაწყვეტილებაა. რატომ ვერ იქონია ამ გადაწყვეტილებამ სათანადო გავლენა იმ ქვეყნებზე, სადაც მკაცრი მარეგულირებელი გარემოა და რატომ ვერ წაახალისა თამბაქოს ალტერნატივებზე იდეოლოგიისგან დაცული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის გახსნა?

ასე გეტყვით, ზოგიერთი ქვეყანა ითვალისწინებს FDA-ის დასკვნას და მას კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც აფუძნებს. ამ ცვლილების უკან კი რეალური მომენტუმია. მე ახალი ზელანდია ვახსენე, მაგრამ სულ ახლახან თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა შეცვალა საბერძნეთმა, პორტუგალია განსხვავებულად არეგულირებს სიგარეტს და მის ალტერნატივებს, იგივე ხდება იტალიაშიც, გაერთიანებულ სამეფოს ძალიან ინოვაციური კანონმდებლობა აქვს, რომელიც აქცენტს ელექტრონულ სიგარეტზე აკეთებს.  საწუხაროდ, ქვეყნების ნაწილი ძველ მიდგომებშია ჩარჩენილი, რომლებიც ეწინააღმდეგება ცვლილებას და აკრძალვების რაოდენობას ზრდის. ნელა, მაგრამ ეს მიდგომებიც იცვლება. ცვლილებას თვალს სულ უფრო მეტი ქვეყანა უსწორებს, მაგრამ ეს ნელი პროცესია და სკეპტიციზმის აღმოფხვრა ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის. ოღონდ, ბოლოს, რაციონალურობა მაინც ყოველთვის იმარჯვებს.

 

English Version of Interview

გააზიარე

დაამატე კომენტარი