კერძო დაზღვევის როლი ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებაში

Forbes-WEB

2014-20 წლებში ჯანდაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი 61%-ით გაიზარდა, თუმცა მთლიან ეროვნულ დანახარჯებში დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხებია. „გალთ ენდ თაგარტისა“ და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2020 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ეროვნული დანახარჯების 53% მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. კვლევის პროგნოზებიც არასახარბიელოა: სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი მუდმივად მზარდი, თუმცა არაკონტროლირებადია და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები კიდევ უფრო გაიზრდება.

ლოგიკურია კითხვა, რატომ იხდის მოსახლეობა ჯანდაცვაში ყველაზე დიდ ფულს საკუთარი ჯიბიდან, როცა ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სახელმწიფომ წელს ჯანდაცვაზე დანახარჯები მილიარდამდე გაზარდა?

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ძალიან მაღალია მოსახლეობის მიერ მედიკამენტების შესაძენად ჯიბიდან გადახდილი თანხები. ფარმაცევტული ხარჯების 96%-ს მოსახლეობა თავად იხდის.
  • სამედიცინო სექტორში ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია და სერვისი დაინერგა, რომლებიც პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია, თუმცა ძვირი ღირს. ამას ემატება ინფლაციაც, რაც კიდევ უფრო აძვირებს სერვისს. სახელმწიფო პროგრამები კი მოძველებულია, მათ არა აქვთ შესაბამისი რესურსები, ვერ უწყობენ ფეხს ამ ხარჯებს და მოსახლეობას დანამატის გადახდა ისევ თავად უწევს.
  • პოლიპრაგმაზია – სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ექიმები პაციენტებს არასაჭირო კვლევებსა და მედიკამენტებს უნიშნავენ, რომელთა თანხასაც პაციენტი, სამწუხაროდ, თავად იხდის.

სურათი კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიამ, რადგან უამრავი არასაჭირო კვლევა და მედიკამენტი ინიშნება, რომელთაც არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო სისტემა არ ფარავს და შიშის ფაქტორის გამო მოსახლეობა მაინც იტარებს. თანხის გადახდა კი კვლავ საკუთარი ჯიბიდან უწევს.

ამ კვლევაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაცემს შეხვდებით. საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ჯანდაცვის წილი შინამეურნეობების დანახარჯებში 3-ჯერ მაღალია.  შედარებისთვის, ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვაზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხის მაჩვენებლები კოლოსალურად აღემატება ევროპის ქვეყნებში არსებულ იმავე მაჩვენებელს და ერთ-ნახევარჯერ მეტია ჩვენი მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებზეც კი. თავისთავად ჯიბიდან გადახდების მზარდი სტატისტიკა სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პირდაპირ იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას, განსაკუთრებით მათი, ვისაც ოჯახში ქრონიკული დაავადებების მქონე წევრი ჰყავს.

სახელმწიფო ხედავს ამ პრობლემას და ცდილობს მის მოგვარებას, თუმცა ფაქტია, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გარეშე ამას ვერ შეძლებს. ჩვენს ქვეყანას არა აქვს რესურსი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა სრულად თავის თავზე აიღოს მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები .

იმისთვის, რომ ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები შემცირდეს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მყისიერი რეფორმირებაა საჭირო.  . შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 2012 წელს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, ყველა მოქალაქეს ერთნაირი სადაზღვევო პაკეტი ჰქონდა, 2017 წელს კი სხვადასხვა სეგმენტის დიფერენცირება მოხდა და ყველას სხვადასხვა პაკეტი აქვს. ახლა კიდევ უფრო მეტი ცვლილებაა საჭირო.

პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯი ამისკენ კი კერძო დაზღვევასა და სახელმწიფო პროგრამას შორის წითელი ხაზის მოხსნაა. ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პროდუქტით სარგებლობს, არ უნდა ამოვარდეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან. ასე ჩვენი სექტორი შეძლებს, მოსახლეობას შემავსებელი, ე.წ. დაშენებული პროდუქტები შესთავაზოს. ადამიანები შეძლებენ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიტებით სარგებლობას, კერძო სექტორი კი შეძლებს მათთვის ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რომლებიც დაუფინანსებს მხოლოდ მედიკამენტებს ან რაიმე კონკრეტულ სერვისებს, რაშიც დღეს თავად იხდიან ფულს. თუ დღეს მედიკამენტებში დახარჯული ფულის 96%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის, კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩართვისას ჩვენ მათ იმავე მედიკამენტებს გაცილებით დაბალ ფასად და დაფინანსებით შევთავაზებთ, რადგან როგორც მსხვილ კორპორაციულ შემსყიდველს, სულ სხვა ფასები გვაქვს.

იმავე პრინციპით გვაქვს შეთანხმება ჰოსპიტალურ სექტორთან. ჩვენი დაზღვეულები დაცული არიან არასაჭირო გამოკვლევებისა და ზედმეტი ხარჯების გაღებისგან. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც შეძლებს, საყოველთაოსთან ერთად კერძო სადაზღვევო სისტემითაც ისარგებლოს, საკმაო თანხას დაზოგავს ჯანდაცვის სერვისებზე. კერძო დაზღვევით სარგებლობა კი დღეს ძალიან ხელმისაწვდომია – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვიურად დაზღვევა იმის ნახევარი ფასი ღირს, რასაც ადამიანები უბრალოდ ექიმთან ერთ ვიზიტში ხარჯავენ. ამ ფასად კი შეძლებენ, დაზღვევით დაიფინანსონ არა მარტო ვიზიტი, არამედ მინიმუმამდე შეამცირონ  მკურნალობაში გადახდილი თანხები.

საბოლოო ჯამში, გლობალური კონტრაქტებით სადაზღვევო კომპანიები უზრუნველვყოფთ  ინფლაციის წნეხის შემცირებასაც. ეს ჩვენს სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. სადაზღვევოებს ერთწლიანი გარანტირებული შესყიდვები და კონტრაქტები გვაქვს, შესაბამისად, ინფლაციის მრუდი ბევრად უფრო შერბილებულია.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა მოხდეს, არის დასაქმებულებისთვის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა.  სახელმწიფო არ უნდა უფინანსებდეს მკურნალობის ხარჯებს იმ ადამიანებს, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს და თავად შეუძლია თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის ამ ხარჯების გაწევა. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც შემოსავალი წელიწადში 40 000 და მეტი აქვს, სახელმწიფო მშობიარობის ხარჯებს 400 ლარით უფინანსებს, ამ დროს ამ ადამიანს ასეთი ხარჯის გაწევის შესაძლებლობა თავად აქვს. იმისთვის, რომ სამედიცინო სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გონივრულად დაიხარჯოს, ეს დიფერენციაცია უნდა მოხდეს. ასე სახელმწიფო შეძლებს, ეს თანხები მათ გადაუნაწილოს, ვისაც ეს უფრო სჭირდება: ქრონიკული დაავადებების მქონეთ, პენსიონერებს, ონკოპაციენტებს და ა.შ.

თუმცა ამ რეფორმას საკანონმდებლო დონეზე სერიოზული განხილვა და დათვლა სჭირდება.

ეს ცვლილებები, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჯანდაცვის სფეროში დღეს არსებულ ვითარებას. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ჯიბიდან გადახდები და მოსახლეობა შეძლებს თანხების დაზოგვას, ამას პარალელურად სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც ექნება. მეტი თანხების მობილიზება მოხდება სადაზღვევო სეგმენტში და ჯანდაცვის სექტორისა და კლინიკების დაფინანსება უფრო პროგნოზირებადი გახდება. შესაბამისად, გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი. საბოლოო ჯამში, სადაზღვევო სექტორი შეძლებს თანხების მობილიზებას სადაზღვევო სქემებში.

დღეს ყველაზე მსხვილი დამფინანსებლები არიან სახელმწიფო და მოსახლეობის ჯიბე, თუმცა, თუ გაჩნდება კიდევ ერთი მსხვილი დამფინანსებელი კერძო სადაზღვევო სისტემის სახით, სამედიცინო სისტემა გახდება სტაბილური, საინვესტიციოდ მიმზიდველი. ეს  ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს, რადგან ჯანდაცვის სექტორი განვითარდება, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და ინვესტიციისთვის თანხებიც გაჩნდება.

სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, სახსრები სოციალურ პრობლემებზე, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და იმ მოწყვლად ჯგუფებზე მიმართოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

ასე რომ, ჯერი სახელმწიფოზეა. იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები მოგვარდეს, ბიუჯეტი მიზნობრივად დაიხარჯოს და მოსახლეობამ თანხების დაზოგვა შეძლოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების დამეგობრება და მოსახლეობის კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩართვა.

გააზიარე

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *