ჰიდროენერგეტიკის მთავარი გამოწვევები

ჰიდროენერგეტიკის მთავარი გამოწვევები

დღეს როგორც ცივილიზებული სამყაროსთვის, ისე საქართველოსთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი დგას.

დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სრულიად დასავლეთი. დღეს, 21-ე საუკუნეში, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას დააღწიონ თავი. ევროპელებისთვის ძირითად ამოცანას რუსული გაზის დივერსიფიკაცია წარმოადგენს. ამაზე იმიტომ კეთდება დიდი აქცენტი, რომ ევროპაში ელექტროენერგიის მისაღებად რუსული იმპორტული გაზის დიდი წილი თბოსადგურებში იწვის, ელექტროენერგია კი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ეკონომიკაში, შესაბამისად, გამოდის, რომ დასავლური ეკონომიკა პირდაპირი გაგებით საფრთხის ქვეშ არის.

სწორედ ამიტომ, იმ მრავალმილიარდიან გეგმაში, რომელიც EU-მ დაისახა მიზნად, პირველ ადგილს განახლებადი ენერგიების ათვისება იკავებს (ჰიდრო, ქარი, მზე, თერმული წყლები, ბიომასები და ა.შ). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განახლებად ენერგიებში ჰიდროენერგეტიკა ერთ-ერთი წამყვანი სფეროა რამდენიმე მიზეზის გამო: ის ეფექტიანია, მწვანე და სუფთა ენერგიის წყაროა და საკმაოდ პროგნოზირებადია.

ალბათ ბევრი ქვეყანა ინატრებდა, ისეთი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანა იყოს, როგორიც საქართველოა, თუმცა ამჯერად ჩვენ გაგვიმართლა და იმ ჰიდროპოტენციალით, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას აქვს (26 000-მდე მდინარე), თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა მეზობელში, რომელიც ყველაზე მარტივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ჩვენს ქვეყანაში და შედეგიც აშკარაა: ულევი წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანას ჰიდრორესურსის მხოლოდ 18-20% აქვს ათვისებული.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ქმნიდეს ენერგეტიკულ ამინდს რეგიონში, დამოკიდებულები ვართ მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ სენტიმენტებზე.

ნაცვლად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის ექსპორტს ვახდენდეთ და დოვლათს ვქმნიდეთ საკუთარ ქვეყანაში, ისე მოხდა, რომ საკმაოდ სოლიდური წილის იმპორტიორი ქვეყანა გავხდით.

საკუთარი გენერაცია ჩვენი მოხმარების დაახლოებით 60%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი 40% ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტია, რომელიც თბოსადგურებში მომწამვლელ აირად გარდაიქმნება, რაზეც, სხვათა შორის, ჩვენი გარემოს დამცველები დუმან, მეტიც, მწვანე ნიღბებს ამოფარებული გარემოს დამცველები განახლებადი ენერგიების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში არიან ჩართულები. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად საქართველოც დიდი ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას და სწორედ ახლაა გადამწვეტი მომენტი – ან გავხდებით დასავლური სამყაროს წევრი და მივაღწევთ ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალ ნიშნულს, ან დავმარცხდებით და ყოველთვის ვიქნებით სხვის პოლიტიკურ ინტერესებზე დამოკიდებული.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო დარგში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში. გარანტირებული შესყიდვის ტარიფის დაბრუნებაც დაანონსდა, რაც გზას გაუხსნის დასავლურ ინვესტიციებს და ეს კარგია, ასევე ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რაც ასევე კარგია, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენ სხვა მიმართულებით გვაქვს. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ჩვენ ვერ ავაშენეთ სადგურები და ჩვენი ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ვერ დავაწიეთ საკუთარი ახალი გენერაციების ექსპლუატაციაში შეყვანა, ყველა ინიციატივა, წამახალისებელი მექანიზმი თუ ენერგოპოლიტიკის ნებისმიერი სახით შემუშავებული გეგმა ფურცელზე ლამაზად დაწერილ სიტყვებად დარჩება.

დღეს ინვესტორი, რომელიც ინვესტიციის განხორციელებას ჰიდროენერგიის განვითარების მიმართულებით ფიქრობს, სვამს მხოლოდ ორ შეკითხვას: ადგილობრივი მოსახლეობის კუთხით არსებობს თუ არა პრობლემა? სად არის შესაძლებელი სადგურის მიერთება (არის თუ არა ქვესადგური ან გადამცემი ხაზი)? სამწუხაროდ, ორივე დასმულ შეკითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამ ძირითად და მნიშვნელოვან გამოწვევას და მათი მოგვარების გზებს შემოგთავაზებთ.

  1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები;
  2. გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
  3. ცნობიერების ამაღლება.
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მდინარეები და მდინარის კალაპოტი სახელმწიფო საკუთრებაა, დღესდღეობით საპროექტო არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ამ ხეობებს აღიქვამს როგორც საკუთარს ანუ სოფლის საკუთრებად. ეს სწორია თუ არასწორი, სხვა განსჯის საგანია, ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ და არსებულ მოცემულობას მოვერგოთ.

საჭიროა, მოკლე ვადებში მოხდეს ქონების გადასახადის დეცენტრალიზაცია და სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილი მოხმარდეს არა რაიონულ ცენტრალურ ბიუჯეტს, არამედ კონკრეტულ სოფელს (თემს), სადაც პროექტი უშუალოდ ხორციელდება. ამით ადგილობრივები დაინახავენ, რომ იმ ტერიტორიების (რომელთაც საკუთრებად თვლიან) ათვისებით გენერირებული თანხები მათივე ინტერესებს ხმარდება.

გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივებთან კომუნიკაციით დამიგროვდა, იმის თავდაჯერებით თქმის უფლებას მაძლევს, რომ ქონების გადასახადის დეცენტრალიზაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან ყველანაირ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ჰიბრიდული ომის პირობებში შეიძლება კიდევ წარმოიშვას. ამ კანონის მიღებით სახელმწიფოს არსენალში გაჩნდება მტკიცე ინსტრუმენტი, რასაც რბილი ძალები ვეღარაფერს დაუპირისპირებენ.

პირობითად, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაკიჯვარს, სადაც 250 კომლი ცხოვრობს (სოფელი საკმაოდ დიდია), 15 000 ლარის ბიუჯეტი აქვს წელიწადში. მცირე, 9 მგვტ-იანი ჰესის აშენებით და ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის გზით, წელიწადში 500 000 ლარის გენერირება მოხდება სოფლის ბიუჯეტში, რაც არსებულზე 30-ჯერ მეტია. სოფელში მოსაგვარებელია: სარწყავი სისტემა, ამბულატორია, სპორტული მოედანი, რეკრეაციული ზონა და ა.შ. დროთა განმავლობაში გაზრდილი ბიუჯეტი და სოფლის მცხოვრებთა აქტივობა ყველა პრობლემას თავად მოაგვარებს, ათ წელიწადში კი სოფელი ევროპული დონის დასახლების სტატუსს მოიპოვებს.

ამ მიდგომით სახელმწიფო ერთდროულად სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს:

  1. ინვესტიციების განხორციელების გამარტივება;
  2. ენერგოუსაფრთხოების, როგორც შედეგის დადგომა;
  3. სოფლიდან მიგრაციის თავდაპირველად შემცირება, ხოლო შემდგომ საერთოდ შეჩერება (დღეს სოფლები წლიდან წლამდე ცარიელდება, უმუშევრობისა და ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო)
გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

როგორც ზევით აღვნიშნე, ეს საკითხი პირველზე თუ არა, მეორე ადგილზე ნამდვილად დგას.

დღეს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში (აჭარა, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი) სადაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დიდი პოტენციალია, მიერთების პრობლემა გვაქვს.

ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა ელოდებოდეს ბიზნესის ან კონკრეტული პროექტის განხორციელებას და ამის შემდეგ იწყებდეს ქსელების განვითარებას, არამედ სახელმწიფომ წინასწარ უნდა მოაწყოს ინფრასტრუქტურა, რომ ბიზნესისთვის მეტად მიმზიდველი გარემო შექმნას.

ბევრჯერ ყოფილა, ინვესტორს დასაწყისშივე უარი უთქვამს კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე, რადგან ახლოს მდებარე ქვესადგურს სიმძლავრის მიღება არ შეეძლო, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ვადები კი ბუნდოვანი იყო.

ცნობიერების ამაღლება

სახელმწიფომ ცნობიერების ამაღლება რამდენიმე მიმართულებით უნდა განახორციელოს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი რაიონული ხელისუფლება (მერები, გუბერნატორები, დეპუტატები, მოადგილეები და სოფლის რწმუნებულები) კარგად უნდა იაზრებდნენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების არსს. აუცილებელია, ყველა ასხვავებდეს მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებს შედარებით დიდი აკუმულაციის მქონე კაშხლიანი სადგურებისგან. აუცილებელია, ყველას მეტ-ნაკლებად ესმოდეს, გარემოსთვის რა ზიანის მიყენება შეუძლია ამა თუ იმ პროექტს. აუცილებელია, ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ნიშნავს ნაციონალურ უსაფრთხოებას.

მეორე საკითხი მდგომარეობს მასშტაბური ცნობიერების ამაღლებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჰიბრიდული ომის ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ განახლებადი ენერგიების დემონიზაციას, აუცილებელია, სახელმწიფომ საპირისპირო კამპანია დაგეგმოს – კერძოდ, გამოიყოს თანხები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოხდეს დარგის გაკეთილშობილება.

მესამე – ქვეყანაში, რომელსაც დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს, აუცილებელია, შეიქმნას პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რაიონულ სკოლებში ჩატარდება კლასგარეშე შეხვედრები ენერგეტიკის მიმართულებით. ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდნენ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ნიშნავს ნაციონალურ უსაფრთხოებას.

თუ ჩვენ ამ სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების განვითარებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.