ამერიკული საინვესტიციო კვლევითი ფირმა Hindenburg-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, Deloitte-მა Adani Ports-ისთვის აუდიტორული მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, Adani Ports-ი Adani Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარეც ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანია.
Hindenburg-ის ანგარიშში გამოთქმული შეშფოთება მილიარდერის კომპანიის ტრანზაქციებს შეეხება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მაისში, Hindenburg-ის მოსაზრებაზე დაყრდნობით, Deloitte-მა ინდოეთში დაფუძნებულ კომპანიას გარკვეულ ტრანზაქციებზე მიუთითა და კვალიფიციური დასკვნაც მიაწოდა.
აუდიტორის გადაწყვეტილებამ განაახლა შეშფოთებები Adani Group-ის ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებით, რომელზედაც Hindenburg-ი ინფორმაციას იანვრიდან მოყოლებული ავრცელებდა. საინვესტიციო ფირმა მიუთითებდა ჯგუფის მიერ ე.წ. საგადასახადო თავშესაფრების არასათანადო გამოყენებაზე, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებსა და არსებულ დავალიანებებზე. თავის მხრივ, მილიარდერის კონგლომერატი ბრალდებებს კვლავ უარყოფს.
Hindenburg-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საბაზრო ღირებულებაში Adani Group-მა დაახლოებით $150 მილიარდი დაკარგა. თუმცა, ნაწილი მალევე, დავალიანებების გადახდისა და ინვესტორთა ნდობის მოპოვების წყალობით, დაიბრუნა.
ცნობისთვის, Deloitte-მა ადანის კომპანიისთვის აუდიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე, Adani Ports-ს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. აუდიტორული ფირმის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.