Huawei-მ პრემიუმ-სეგმენტის ლეპტოპი, MateBook 16 გამოუშვა

Huawei-მ პრემიუმ-სეგმენტის ლეპტოპი, MateBook 16 გამოუშვა

Huawei-ს პრემიუმ-სეგმენტის ლეპტოპი MateBook 16, რომელიც ჩინეთში ჯერ კიდევ მაისში გამოჩნდა, ამჯერად მთელ მსოფლიოშიც გაიყიდება. Huawei-ს ეს ლეპტოპი აღჭურვილია 3:2 გამოსახულების ფორმატის მქონე 16-დუიმიანი დისპლეით (IPS პანელი, რეზოლუციით 2520 x 1680) და Ryzen 5000-ის სერიის პროცესორით – სწორედ AMD-ს ამ პროცესორებთან თავსებადობის გამო, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, MateBook 16 კომპანიის „პირველი მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ლეპტოპია“. ამ ლეპტოპისთვის Ryzen-ის პროცესორის ორი მოდელი არის ხელმისაწვდომი – 5800H და 5600H, თუმცა ეს ყველაფერი როდია: ლეპტოპს 16-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 512-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, Bluetooth 5.1-სა და Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა აქვს.

ფოტო: Huawei

გამომდინარე იქიდან, რომ ლეპტოპის 720-პიქსელიანი კამერა კლავიატურაში არის ჩანერგილი, MateBook-ის 16-დუიმიანი დისპლეის გარშემო არსებული კანტი ძალიან ვიწროა – ეს Huawei-ს ლეპტოპების ერთგვარი უნიკალური ნიშან-თვისებაა. MateBook 16-ს USB-A-ის ორი პორტი, USB-C-ის ორი პორტი, HDMI პორტი და 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი აქვს. გარდა ამისა, ლეპტოპს ორი მიკროფონი და ორი ორვატიანი დინამიკი აქვს და თითის ანაბეჭდების სენსორი – ჩართვის ღილაკზე. აღსანიშნავია, რომ ვიზუალურად Huawei-ს ეს ლეპტოპი ძალიან ჰგავს პრემიუმ-სეგმენტის სხვა პროდუქტს, MacBook-ს.

აღსანიშნავია, რომ MateBook 16-ის ევროპულ ბაზრებზე გამოჩენის თარიღი Huawei-ს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. თუმცა ცნობილია ფასები: Ryzen 5 პროცესორით აღჭურვილი ლეპტოპი €1099 ეღირება, ხოლო Ryzen 7-ით – €1199.