I კვარტალში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა - საქსტატი

I კვარტალში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა და 14% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა რიცხოვნობა 89.4 ათასი კაცით (10.4%) გაიზარდა და 952.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 40.5 ათასით გაიზარდა (9.9%) და 448.2 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა კი შემცირდა 50.6 ათასით (18.1%) და 228.6 ათასს გაუტოლდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.0 პროცენტით განისაზღვრა. ამასთანავე, დასაქმების დონე 4.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.3 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.8 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე კი ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 5.2
პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.9 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 48.8 პროცენტსა და 45.2 პროცენტს შეადგენს.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გასულ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.0 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში ასევე კაცებში და შესაბამისად 11.1 პროცენტს და 16.3 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.4 პროცენტს შეადგენდა. წლიურმა ზრდამ ქალებში 3.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმების დონე ქალებში 4.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 4.9 პროცენტული პუნქტით.