იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტმა $26.08 მილიონი შეადგინა

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტმა $26.08 მილიონი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664.6 მლნ აშშ  დოლარი შეადგინა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი 6.8%-ით, ხოლო იმპორტი 14.1%-ით შემცირდა. შესაბამისად, შეინიშნება 2016-2020 წლების იანვარ-თებერვლის ექსპორტისა და იმპორტის აღმავალი ტრენდის ცვლილება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლის ექსპორტის ყოველთვიური მონაცემებით, წლის დასაწყისში დაღმავალმა ტენდენციამ ივნისის შემდგომ მიმართულება იცვალა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის იანვრის მონაცემები წინა თვესთან შედარებით 325,7 მლნ აშშ დოლარიდან 224,4 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედარებით დამაიმედებელია თებერვლის მონაცემები. თებერვლის ექსპორტის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 270,3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის იდენტურ მონაცემებთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

2016 წლის შემდეგ საქართველო ღვინის ექპორტიორი ქვეყნების ტოპ-20-ში შედის და 2019 წლის მონაცემებით, 222,9 მილიონი  აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტით მე-17 ადგილი დაიკავა.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ათეულში სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, მეოთხე ადგილი ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა დაიკავა და უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში 26,08 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,4 მლნ დოლარით შემცირდა.

ღვინის ესპორტი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებში საერთო ექსპორტის მნიშვნელოვან წილს იკავებს, მთავარ პარტნიორად კი კვლავ რუსეთი რჩება. ღვინის საერთო ექსპორტიდან 17,16 მლნ დოლარის 4,938 ტონა საქონელი გავიდა რუსეთში, ხოლო ჩინეთში – 287 ტონა, რომლის ღირებულებამაც 1,17 მლნ დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *