საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოში 2021 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარი-ივლისის პერიოდის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ ამ მონაცემებში არ შედის არადეკლარირებული ვაჭრობის მონაცემები.
აღნიშნული მაჩვენებელი 21.8%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 27.8%-ითაა გაზრდილი და მთლიანობაში 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საქართველოში 5.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის მონაცემებზე.
შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ტოლია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 %-ს შეადგენს.
ანგარიშში ასევე შემოთავაზებულია ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მდგომარეობა საქართველოში 2016-2021 წლებში. საინტერესოა, რომ ამ ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება წელს ყველაზე მაღალია.