იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები 255 მილიონით შემცირდა

იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები 255 მილიონით შემცირდა

2016 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 255 მილიონი ლარით (5.5%-ით) შემცირდა – მათ შორის,  ვადიანი დეპოზიტები 35 მილიონი ლარით, მიმდინარე ანგარიშები 118 მილიონი ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 102 მილიონი ლარით შემცირდა. 2015 წლის იანვართან შედარებით, 2016 წლის იანვარში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 210 მილიონი ლარითაა შემცირებული.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით,  87 მილიონი დოლარით (2%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 658 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 72.3% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 64% იყო.

ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.6%-ია, ერთი წლის წინ 4.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 9%-ია, ერთი წლის წინ 7.2% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.