ფრენსის ფუკუიამა და დევიდ კრამერი 2016 წლის მთავარ გამოწვევებზე

ფრენსის ფუკუიამა და დევიდ კრამერი 2016 წლის მთავარ გამოწვევებზე

ფრენსის ფუკუიამასა და დევიდ კრამერს თბილისში ლიდერობის აკადემიის ფარგლებში მოწყობილ ღონისძიებაზე ვესაუბრეთ, სადაც საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა მიეცათ, ტრენინგები გაევლოთ. ამ ტრენინგების მიზანია, რომ მომავალში პოლიტიკურმა რეფორმებმა დადებითი გავლენა მოახდინოს კერძო სექტორის საქმიანობაზე. ფრენსის ფუკუიამა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერია, დევიდ კრამერი კი – Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი.

როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წელს მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის?

დევიდ კრამერი: ვფიქრობ, საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა წელს არჩევნები იქნება. ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, თუმცა მას დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. ამ დროს შეიძლება იმძლავროს პოპულისტურმა ტენდენციებმა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა დეფიციტისა და ვალის მოცულობის ზრდა გამოიწვიოს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარჯები და ხარჯვა გაკონტროლდეს. საქართველომ უკვე დაამტკიცა 2012 და 2013 წლებში, რომ შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კარგი იქნება, თუ 2016 წელსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. თუმცა ამას ფეხი უნდა აუწყოს ეკონომიკურმა ზრდამაც. ამისთვის კი ნაბიჯები უნდა გადაიდგას – მაგალითად, პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სხვა – ეს კარგი იქნება არა მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ფრენსის ფუკუიამა: ჩემი აზრით, მთავარი კითხვის ნიშანი, რომელიც ახლა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რუსეთთან ურთიერთობების თემაა. რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი და კარგი მეზობელი. არსებობს მთელი რიგი გლობალური გამოწვევისა, რამაც შეიძლება რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული გახადოს თავისი მეზობლების მიმართ. ეს გახლავთ: ნავთობზე დაბალი ფასი და გაიაფებული საქონელი. იმ ფაქტის გამო, რომ ერთ დროს რუსეთი, ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნების მსგავსად, ნავთობზე მაღალი ფასის გამო, ფულში ცურავდა, ხოლო დღეს ამ დინამიკას კარგავს, მას შეიძლება დასჭირდეს გარე თავგადასავლები იმისთვის, რომ ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების კომპენსირება მოახდინოს.

ამ ფონზე, რამდენად სწორია “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წარმოება საქართველოში დამატებითი გაზის შემოტანის თაობაზე?

ფრენსის ფუკუიამა: ვფიქრობ, რუსეთის ყველა სახელმწიფო კომპანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამტარებელია. ამდენად, “გაზპრომი” ჩემთვის უფრო პოლიტიკური ხასიათის კომპანიაა. თუმცა აქვე ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზის გლობალურ ბაზარზე დიდი ძვრები ხდება. დღეს გაზით ვაჭრობა გაცილებით უფრო გაადვილებულია, ვიდრე ადრე. ამდენად, რუსულ გაზს, ვფიქრობ, ნელ-ნელა ალტერნატივები უჩნდება. შესაბამისად, საქართველომ შეიძლება დღეს განიხილოს “გაზპრომი”, როგორც დივერსიფიკაციის საშუალება, თუმცა სულ უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი – ამდენად, ეს ისეთი დივერსიფიკაციაა, რომელიც საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში არ წაადგება.

დევიდ კრამერი: “გაზპრომი” სახელმწიფო კომპანიაა, ამიტომ მისი მოტივაცია უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. თუმცა „გაზპრომისთვის“ ამ ეტაპზე ეკონომიკური ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების ნახევარი ენერგეტიკაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ამ ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი. ამდენად, გაზის დაბალ ფასს – როცა ბარელი ნავთობი საშუალოდ 28 დოლარზე ნაკლები ღირს – გავლენა აქვს რუბლზე, რაც ზრდის ინფლაციას და ეკონომიკური ხასიათის ბევრ პრობლემას იწვევს. საერთაშორისო პროგნოზების მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2016 წელს არ გაიზრდება, შარშან 3.7%-ით დაეცა, ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა – და ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს. ამდენად, რუსეთის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ამ მდგომარეობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად წაახალისოს რუსეთი, რომ “გაზპრომი” პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, რომელიც ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტებისგან ისმის, ის არის, რომ „სოკარიც“ სახელმწიფო კომპანიაა და შესაბამისად, პოლიტიკური მოტივები მასაც ექნება. რამდენად წონიანია ეს არგუმენტი?

დევიდ კრამერი: ბუნებრივია, აზერბაიჯანიც შეიძლება იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი მიიღოს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის შედეგად. ნავთობის გაიაფებამ ამ ქვეყანასაც მძიმე დარტყმა მიაყენა. თუმცა მე რაც ვიცი, „სოკარს“ არასდროს შეუწყვეტია გაზის მიწოდება საქართველოსთვის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მაშინ, როცა „გაზპრომს“ ასეთი გამოცდილება აქვს. დიახ, „სოკარი“ სახელმწიფო კომპანიაა, სირთულეების გარეშე არც აქ გამოდის, მაგრამ აზერბაიჯანი „სოკარს“ არ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ისე, როგორც ამას აკეთებს „გაზპრომის“ შემთხვევაში კრემლი. რუსეთი „გაზპრომს“ თავისი მეზობლების დასასჯელად იყენებს. მთავარია, „გაპზრომთან“ მოლაპარაკების პროცესი იყოს გამჭვირვალე და არავის ჰქონდეს ილუზია, თუ ვინ დგას „გაზპრომის“ უკან. „გაზპრომის“ უკან კრემლია.

ფრენსის ფუკუიამა: მარტივად ვიტყვი. მე მგონია, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა განსხვავდება რუსეთის საგარეო პოლიტიკისგან. მთავარია არა გაზის კომპანიის ფორმა, არამედ ის, თუ რა პოლიტიკური მიზნები აქვს ქვეყანას, რომელიც ამ კომპანიის ოპერირებას ასპონსორებს. ვფიქრობ, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

და რა შეუძლია საქართველოს? მესმის, რომ თქვენ არ ხართ უშუალოდ ენერგეტიკის ექსპერტები, მაგრამ რადგან ამ თემაზე ვაკეთებთ აქცენტს – თუ ხედავთ რეალურ ალტერნატივებს, რომ საქართველომ, ერთი მხრივ, შეძლოს გაზრდილი მოხმარებით გამოწვეული დეფიციტის დაბალანსება და მეორე მხრივ, რეალური დივერსიფიკაცია – მათ შორის პირველ რიგში “გაზპრომისგან”?

ფრენსის ფუკუიამა: პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტად შეძლებთ, თავი აარიდოთ რუსეთზე დამოკიდებულებას, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის. რუსებმა არაერთხელ აჩვენეს მსოფლიოს, რომ ისინი ეკონომიკურ კავშირებს იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს და ვფიქრობ, თქვენც გენდომებათ, რომ ეს დაუცველობა შეამციროთ. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს გადმოსახედიდან ირანი შეიძლება უფრო ნაკლებად პრობლემატური პარტნიორი იყოს საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთი. არა მგონია, ირანელებს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებდეთ საქართველოსთან მიმართებით. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანი მოწადინებულია, დაიბრუნოს პოზიციები მსოფლიო ბაზარზე. არც ირანია საუკეთესო რეჟიმი ბევრი გადმოსახედიდან, მაგრამ გაზის წყაროების დივერსიფიკაციისთვის გამოდგება.

დევიდ კრამერი: ირანისთვის სანქციების მოხსნა შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. რადგან ირანს უბრუნდება წვდომა ათობით მილიარდ დოლარზე – და ეს იმ ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ აფინანსებს სახელმწიფო ტერორიზმს, ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს ისრაელთან და ა.შ. – მთავარი კითხვა, რომელიც ამ შეთანხმებასთან მიმართებით რჩება, გარანტიებს ეხება: რა გარანტია არსებობს, რომ ირანი დაიცავს საერთაშორისო წესებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თუ არ დაიცავს, იქნება თუ არა მზად საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევ დააკისროს ამ ქვეყანას სანქციები?! რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ამ რეგიონშია. ირანი ამ რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და როდესაც სხვა ქვეყნები ცდილობენ, ირანთან ეკონომიკური კავშირები დაამყარონ და საინვესტიციო შესაძლებლობები მოსინჯონ, საქართველომაც უნდა სცადოს. ირანი შეიძლება საქართველოსთვის დივერსიფიკაციის წყარო გახდეს. დიახ, მიმაჩნია, რომ საქართველომ ამ ქვეყანას უნდა შეხედოს, როგორც პოტენციურ ბაზარს და შესაძლებლობას. ირანთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არსებობს, რომ დროთა განმავლობაში ის დაიწყებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს. საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს. ირანიდან გაზის მიღებას დრო დასჭირდება, თუმცა ჩნდება დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომ საქართველო „გაზპრომზე“ დამოკიდებული არ გახდეს.

ფრენსის ფუკუიამა: თურქმენეთი, ჩინეთი – საქართველოს შეუძლია ეს შესაძლებლობებიც გამოიყენოს. ჩინეთს ისედაც უნდა ახალი კორიდორი, რომელიც ჩინეთიდან ცენტრალური აზიის გავლით მივა საქართველომდე, შემდეგ თურქეთამდე და ა.შ. – ვფიქრობ, ყველა ეს გზა კარგი საშუალებაა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.

რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად რა რეკომენდაციები გექნებათ საქართველოს მთავრობის მიმართ? რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ 2016 წლის მთავარ გამოწვევებს, რაც თქვენ დაასახელეთ, თავი წარმატებით გაართვას?

ფრენსის ფუკუიამა: საქართველოს შეუძლია რამდენიმე რამ გააკეთოს. მეტი შესაძლებლობები შეუქმნას მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, წაახალისოს მეწარმეობა იმით, რომ გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შეამციროს რეგულაციები და გახსნას ახალი ბაზრები. სუბსიდიებს არ ვგულისხმობ – პირიქით, ინფრასტრუქტურაზე, ნებართვებსა და უფრო ტექნიკური სახის დახმარებაზე ვაკეთებ აქცენტს.

დევიდ კრამერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ან მიეკუთვნებოდეს ევროპას, რადგან ეს იდენტობის ნაწილია. ამერიკელის გადმოსახედიდან ევროკავშირი ზედმეტად რეგულირებულია და მოკლე ვადაში ამას თავისი ნეგატიური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად: საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო უდიდეს სარგებელს ნახავს.

ფრენსის ფუკუიამა: ევროკავშირში გაწევრიანება ბევრი ქვეყნის შემთხვევაში გახდა მმართველობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი სტიმული. ვფიქრობ, ასოცირების ხელშეკრულება ძალიან კარგ საფუძველს ქმნის, რომ საქართველოს მთავრობამ აკეთოს ის, რასაც ისედაც უნდა აკეთებდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *