სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ. ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც წლიურად 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 11.1% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 27.7% – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2% – ტრანზიტზე.
ამავე პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 72.7% ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე მოდის, 27.3% კი – ქვეყნიდან გატანილზე.
რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.4%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 28.1%-ის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო.
რუსეთი ლიდერობს ასევე საქართველოდან რკინიგზით გატანილი ტვირთების მოცულობითაც. მისი წილი 11.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ყაზახეთია 10.9%-ით. დანარჩენი ქვეყნების წილი ამ შემთხვევაშიც 10-10%-ზე ნაკლები იყო.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9% ქვანახშირის და ლიგნიტის; ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 26.4% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.2% – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
II კვარტალში საქართველოს რკინიგზა 525.1 ათას მგზავრს მოემსახურა. ეს წლიურ ჭრილში 7.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 160.7 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით ნაკლებია.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 521.6 ათასი მგზავრი (-6.9%), რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.3%-ს შეადგენს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.5 ათასი მგზავრი (-60%). საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.8% სომხეთიდან შემოვიდა, სომხეთის მიმართულებით კი 38.2% გავიდა.