ილონ მასკი ამბობს, რომ ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული

ილონ მასკი ამბობს, რომ ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული

SpaceX-ისა და Tesla. Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა Saturday Night Live (SNL)-ზე თვითონ განაცხადა. შაბათის ღამის შოუზე, რომელსაც დაპირებისამებრ თვითონვე წარუძღვა, მილიარდერმა აღიარა, რომ ასპერგერის სინდრომის გამო, სოციალიზაციის კუთხით გარკვეული სირთულეები ექმნება.

„მე დღეს რეალურად ვწერ ისტორიას, როგორც პირველი ასპერგერის სინდრომით დაავადებული ადამიანი, რომელიც SNL-ს მასპინძლობს“, – განაცხადა ილონ მასკმა. აღსანიშნავია, რომ მასკის აღიარებას აუდიტორიისგან მხურვალე აპლოდისმენტი მოჰყვა. NBC-ის ღამის შოუს ეპიზოდი 100-ზე მეტ ქვეყანაში YouTube-ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გავიდა.

ცნობისთვის, ასპერგერის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ნორმალური განვითარების ფონზე სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ. მათ შეიძლება მეტი დრო დასჭირდეთ ინფორმაციის დამუშავებისთვის. ასპერგერის სინდრომით დაავადებულებს გრძნობების საზოგადოდ ჩვეული ფორმით გამოხატვა უჭირთ.

გადაცემის მსვლელობისას ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელებზე გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებითაც იხუმრა. მასკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იცის პოსტების უცნაური შინაარსი, მათ მაინც აქვეყნებს, ვინაიდან მისი ტვინი ასე მუშაობს. „ყველას, ვისაც არ მოსწონს ჩემი პოსტები, მინდა ვუთხრა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც გამოვიგონე ელექტრომანქანები და ხალხი მარსზე გავგზავნე. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, ნორმალური ვყოფილიყავი?!“ – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ილონს მასკმა გადაცემაში ასევე ისაუბრა კრიპტოვალუტა Dogecoin-ის შესახებ. მასკმა მას “ხალხის კრიპტოვალუტა” უწოდა. მისი თქმით, ვალუტა მთელი მსოფლიოს „დაპყრობას“ შეძლებს.