ილონ მასკმა ნოემბერში ქველმოქმედებისთვის $5 მილიარდზე მეტი გაიღო

ილონ მასკმა ნოემბერში ქველმოქმედებისთვის $5 მილიარდზე მეტი გაიღო

მოცემული დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გასული წლის ნოემბერში, ათ დღეში ქველმოქმედებისთვის 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების Tesla-ს 5,044,000 აქცია გაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის ქველმოქმედების შესახებ ცნობილი გახდა Tesla-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) ფაილებიდან. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკისა და „ტესლასთვის“ 2021 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო Tesla-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება საგრძნობლად გაიზარდა და, Forbes-ის გამოთვლებით, ამჟამად 242.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ექსპერტების განცხადებით, ილონ მასკს ქველმოქმედების სახით გაცემული აქციები საშუალებას მისცემს, კაპიტალის მოგების გადასახადები 50%-მდე შეამციროს. აქვე, საინტერესოა ისიც, რომ უცნობია ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორისგან შემოწირულობა მიიღო. შეგახსენებთ, ილონ მასკმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში გადასახადებში 11 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავდა.