ილონ მასკი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს

ილონ მასკი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს Twitter-ს და გამორჩეული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის მაღალი სტანდარტებით.

„ვინაიდან, Twitter-ი დე-ფაქტო ქალაქის საჯარო მოედნის ფუნქციას ასრულებს, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების არდაცვა ძირს უთხრის დემოკრატიას“, – განაცხადა მასკმა.

გარდა ამისა, მასკმა სოციალურ ქსელში გამოკითხვაც ჩაატარა, რომელში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ Twitter-ი მტკიცედ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს.

„რა უნდა გაკეთდეს? ახალი პლატფორმის შექმნაა საჭირო?“, – კითხულობს მასკი.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, რაც აღნიშნული სოციალური ქსელის სამომხმარებლო პოლიტიკითა და წესდებითაა განპირობებული. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელში ცენზურა არ უნდა არსებობდეს და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ამ იდეას იზიარებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის საპასუხოდ საკუთარი სოციალური პლატფორმა Truth-ი შექმნა. ამ უკანასკნელმა დიდ წარმატებას ჯერაც ვერ მიაღწია და Twitter-სა თუ Facebook-ს რეალურ კონკურენციას ვერ უწევს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულად თავისუფალი სოციალური ქსელის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინფორმაციის გაფილტვრის მექანიზმების გარეშე ის მალევე გადაივსება სარეკლამო ბანერებით, თაღლითური განცხადებებითა და არალეგალური ფოტო თუ ვიდეომასალებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *