WTO: უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური ვაჭრობის ზრდას გაანახევრებს

WTO: უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური ვაჭრობის ზრდას გაანახევრებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით, უკრაინაში მიმდინარე ომი მიმდინარე წელს გლობალური ვაჭრობის ზრდის ტემპებს გაანახევრებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 4.7%-იანი ზრდის პროგნოზი ომის გავლენების გამო 2.5%-მდე განახევრდა.

ორგანიზაციის თანახმად, პროგნოზის შემცირებაზე გლობალური მიწოდების ჯაჭვზე პანდემიის გავლენით გამოწვეულმა პრობლემებმაც იქონია გავლენა. ორგანიზაციის თქმით, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ისედაც არსებულ სურსათის კრიზისს, ეს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო საქონლის ექსპორტის მხოლოდ 2.5% მოდის, ისინი გარკვეულ სექტორებში უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან“ – ნათქვამია ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გავლენა სიმინდისა და ხორბლის მიმწოდებლებზეც იქონია. ინდუსტრიული ჯგუფების განცხადებით, ევროკავშირში მზესუმზირის ზეთის დეფიციტიცაა მოსალოდნელი.

ორგანიზაციის პროგნოზით, ომს ყველაზე დიდი გავლენა იმ ღარიბ ქვეყნებზე ექნება, რომლებსაც ჩამნაცვლებლების პოვნის შესაძლებლობა დაბალი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ქვეყნების უმეტესობისათვის ვლადიმერ პუტინის ქმედებებზე გავლენის მოსახდენად ვაჭრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი გახდა. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა უკრაინამ და მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვაც მოითხოვა. თუმცა, ამის პრეცედენტი ჯერჯერობით არ არსებობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *