IMF-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება

IMF-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. ახალი შეფასების თანახმად, IMF-ის მოლოდინით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ აპრილში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელოდა.

IMF-ი საქართველოს ეკონომიკას უფრო ნაკლებ, 4.8%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებს 2024 წელს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სავალუტო ფონდი საკუთარ მოლოდინებს დროდადრო აახლებს, დიდი ალბათობით, მომავალი წლის პროგნოზიც შეიცვლება.

საინტერესოა IMF-ის პროგნოზი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებითაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, მიმდინარე წელს სომხეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, თურქეთის – 4%-ით, აზერბაიჯანის – 2.5%-ით, რუსეთის კი – 2.2%-ით. აქვე გეტყვით, რომ IMF-ის მოლოდინით, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკა წელს 2%-იან ზრდას აჩვენებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%-ით ზრდას ელის, 2024 წელს კი – 2.9%-ით.