აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებისა და სავაჭრო ომის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2025 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით, 2.8%-მდე შეამცირა.
შემცირებულია აშშ-ის, ჩინეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც. მაგალითად, ორგანიზაციის ვარაუდით, აშშ-ის შემთხვევაში ზრდა 2025 წელს 1.8% იქნება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 2.7%-ისა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ინფლაციის პროგნოზი – 4.3%-მდე. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა კი IMF-მა 2025 წელს 4%-მდე შეამცირა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის, პიერ-ოლივიე გურინშასის თქმით, მსოფლიო ახალ ეკონომიკურ ერაში შედის, რომელშიც ბოლო 80 წლის წესები გადახედვას საჭიროებს. მისი განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობა არ დაბრკოლდება, თუმცა ის უფრო ძვირი და არაეფექტიანი იქნება, ვიდრე აქამდე.
ორგანიზაციის განცხადებით, ტარიფები და ვაჭრობის ფრაგმენტაცია განსაკუთრებით დააზარალებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა მექსიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. IMF-ის ვარაუდით, ამ ქვეყნების ზრდის პროგნოზი, შესაბამისად, -0.3%, 1.4%, 1.1% და 0.0% იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს.
IMF-ის შეფასებით, გლობალური ვაჭრობის ზრდაც მნიშვნელოვნად შენელდება – 1.7%-მდე, რაც 2024 წლის მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია.