საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა. მიზეზად, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა სახელდება.
“ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.
მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს.
მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ. “სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელი გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით”, – ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.