ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი აზიის ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი გახდა

ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი აზიის ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი გახდა

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქონების წმინდა ღირებულების არნახული ზრდის შედეგად, ინდოელი მაგნატი გაუტამ ადანი, Forbes-ის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე მდიდარი აზიელი გახდა. გარდა ამისა, ადანი იმ რვაკაციან ელიტურ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა ქონების წმინდა ღირებულებაც $100 მილიარდზე მეტს შეადგენს.

59 წლის ადანი, პორტისა და ენერგოკონგლომერატ Adani Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ელიტური ჯგუფის ერთადერთი ინდოელი წარმომადგენელია. ინდოელი მილიარდერის ქონება 12-ციფრიან ნიშნულს პარასკევს, აბუ-დაბის International Holding Co-ის მიერ მის სამ მწვანე ენერგიაზე ორიენტირებულ ბიზნესში თანხის ინვესტირების შემდგომ გადასცდა. ჰოლდინგის მიერ $2 მილიარდის ოდენობის ინვესტირება Adani Green Energy-ში, Adani Transmission-სა და Adani Enterprises-ში განხორციელდა.

ინვესტირების შემდგომ, განახლებადი ენერგიის კომპანია Adani Green Energy-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. გაუტამ ადანი Adani Green Energy-ის 60%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება Adani Transmission-სა და Adani Enterprises-ს, მათი აქციების ფასი, შესაბამისად, 11%-ითა და 3%-ით გაიზარდა. 14 აპრილის მონაცემებით, ადანის ქონების წმინდა ღირებულება $121.7 მილიარდს უტოლდება, რაც მას, Forbes-ის შეფასებით, აზიაში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსთან ერთად, მსოფლიოს მეექვსე უმდიდრეს პირად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ადანის ქონება, 2021 წლის აპრილისთვის, $8.9 მილიარდიდან $50.5 მილიარდამდე გაიზარდა. 2022 წლის თებერვლისთვის კი მისი ქონების გაორმაგების შემდგომ ($90 მილიარდი), ადანიმ მილიარდერთა სიაში თანამემამულეს, Reliance Industries-ის დამფუძნებელ მუკეშ ამბანის გადაასწრო. ერთი წლის განმავლობაში ადანის Adani Green Energy-ის აქციების ფასი თითქმის 80%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ამბანის, ის ახლა აზიის მეორე უმდიდრესი ადამიანია და „მილიარდერთა ელიტურ ჯგუფს“ უახლოვდება, ბოლო შეფასებით, ქონების $97-მილიარდიანი წმინდა ღირებულებით.

იმ მილიარდერთა ელიტური ჯგუფი კი, რომელთა ქონების წმინდა ღირებულებაც $100 მილიარდს აჭარბებს, ასე გამოიყურება:

  1. ილონ მასკი – $273.6 მილიარდი (Tesla-სა და SpaxeX-ის თანადამფუძნებელი)
  2. ჯეფ ბეზოსი – $181.3 მილიარდი (Amazon-ის დამფუძნებელი)
  3. ბერნარ არნო – $166.9 მილიარდი (LVMH-ის დამფუძნებელი)
  4. ბილ გეიტსი – $132.8 მილიარდი (Microsoft-ის თანადამფუძნებელი)
  5. უორენ ბაფეტი – $125.1 მილიარდი (Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი)
  6. გაუტამ ადანი – $121.7 მილიარდი (Adani Group-ის დამფუძნებელი)
  7. ლარი ელისონი – $111.7 მილიარდი (Oracle-ს თანადამფუძნებელი)
  8. ლარი პეიჯი – $110.6 მილიარდი (Alphabet-ის თანადამფუძნებელი)
  9. სერგეი ბრინი – $106.3 მილიარდი (Alphabet-ის თანადამფუძნებელი)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *