IGAD: აღმოსავლეთ აფრიკაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გვალვაა

IGAD: აღმოსავლეთ აფრიკაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გვალვაა

განვითარების მთავრობათაშორისი ორგანოს (IGAD) განცხადებით, სომალი, ეთიოპია და კენია, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ გვალვას განიცდის. IGAD-ი აფრიკაში რვა ქვეყნის სავაჭრო ბლოკს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯიბუტი, ერიტრეა, სამხრეთი სუდანი, სუდანი, უგანდა, სომალი, ეთიოპია და კენია.

IGAD-მა, კლიმატის ცენტრის, ICPAC-ის მიერ, კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში ტემპერატურა რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა ჩვეულებრივთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონისთვის მარტის, აპრილისა და მაისის წვიმიანი პერიოდია, თუმცა რეგიონში ზედიზედ ოთხი მცირენალექიანი სეზონის მოლოდინში არიან.

განვითარების მთავრობათაშორისი ორგანოს (IGAD) მონაცემებით, აღმოსავლეთ აფრიკაში სიტუაცია კრიტიკულ ზღვარზეა და 29 მილიონზე მეტი ადამიანი IGAD-ის მიერ კონტროლირებულ რეგიონში სურსათის მწვავე უკმარისობას განიცდის, 15.5 მილიონიდან 16 მილიონამდე ადამიანს კი, აღმოსავლეთ აფრიკაში გახშირებული გვალვების გამო, სასწრაფო სასურსათო დახმარება ესაჭიროება. IGAD-ის რეგიონი სომალის ნახევარკუნძულს, ნილოსის ველებსა და აფრიკის დიდ ტბებს მოიცავს.

წყლისა და საძოვრების დეფიციტი საკვების წარმოების შემცირებას, პირუტყვისა და ველური ბუნების მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. ამ ყველაფერთან ერთად აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში რესურსის გამო კონფლიქტის ზრდაც შეინიშნება. IGAD-ის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში სიტუაცია გაუარესდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *