ინდოეთი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს.

„კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა.

მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია და სხვა გეოპოლიტიკური აქტორების მიერ შესაბამისი რეგულატორული ჩარჩოს მომზადება.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტები ოფიციალურად ინდოეთის მეზობელ სახელმწიფოში, ჩინეთშიც აკრძალულია. მკაცრი რეგულაციებისა და მონიტორინგის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც, ექსპერტების შეფასებით, დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ სისტემების მდგრადობასა და აკრძალვების არაეფექტიანობაზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ წლის დასაწყისში ინდოეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ კრიპტოინდუსტრია ფინანსურ პირამიდას და „სპეკულაციურ ბუშტს“ შეადარა.