Sabyasachi ინდური მოდის ბრენდის სახელწოდებაა, რომელიც მისი დამფუძნებლის საბიასაჩი მუხერჯის სახელს ატარებს. ინდოეთში ბევრი ქალბატონი ოცნებობს Sabyasachi-ს საპატარძლო კაბასა თუ ტრადიციულ ინდურ ტანისამოსზე, სარიზე. ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები კი მისი ტანისამოსით ხშირად ჩნდებიან კამერების წინ. მიმდინარე კვირიდან კი Sabyasachi-ის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს H&M-ის მაღაზიათა ქსელშიც შეეძლება.
H&M-ის ახალი პროექტის ფარგლებში ინდოელი დიზაინერის ტანისამოსი მაღაზიათა ქსელში კოლექციის სახით განთავსდება, რომელსაც „Wanderlust“ ერქმევა. პროექტი ტრადიციული ინდური სტილისა და თანამედროვე დიზაინის ელემენტების შეხამებას ისახავს მიზნად. მისი წყალობით კი ინდოელი დიზაინერის, საბიასაჩი მუხერჯის ცნობილი ინდური ქსოვილები და ორნამენტები უფრო ფართო საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი.
H&M-სთვის ეს ინდურ ბრენდთან პირველი კოლაბორაცია გახლავთ. კოლექციაში წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტანისამოსიც და მისი საშუალო ღირებულება 299 აშშ დოლარიდან დაიწყება.
საინტერესოა ისიც, რომ ტანსაცმლის ამგვარ ბრენდთან კავშირი არ ჰქონია თავად Sabyasachi-საც. მისი კოლაბორაციები ყოველთვის საცალო ვაჭრობის ელემენტებს მოიცავდა და H&M-ის მსგავსი მასიური წარმოების ტანსაცმლის ბრენდები მის ყურადღებას ვერ იქცევდნენ. თუმცა, თავად დიზაინერის განცხადებით, დროა ინდოეთი ტანსაცმლის მწარმოებელი ჰაბი გახდეს და მისი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზნისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ქვეყანას საკმაოდ მდიდარი მოდის ისტორია აქვს საკუთარი ტრადიციული ქსოვილებითა და ნაკეთობებით, რომლებიც როგორც ყოველდღიურ სამოსს, ისე სადღესასწაულო ტანსაცმელსაც გულისხმობს.