ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ინდოეთის მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე $1 ტრილიონის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.
ახალი პროექტი სახელწოდებით „Gati Shakti“(იმპულსი) მოდიმ ინდოეთის დამოუკიდებლობის 75–ე წლისთავზე გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია 100 ტრილიონი რუპიის ($1.35 ტრილიონი) დახარჯვა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მისი განცხადებით, ის მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს, რაც ხელს შეუწყობს აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკის ეფექტურობას. „მოხსნილი ბარიერები შეამცირებს მოგზაურობის დროს ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, ეს კი გაზრდის ინდუსტრიის პროდუქტიულობას.“ – განაცხადა მოდიმ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, საზოგადოებისადმი მიმართვის დროს.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაპირება მან გასულ წელსაც გააჟღერა.
ინდოეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ოპოზიციური კონგრესის პარტიიდან, მოდის ამ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღიმილისმომგვრელია სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე დაპირების გაკეთება ინიციატივების განახლების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობისათვის ეკონომიკის მასტიმულირებელი პოლიტიკის გატარება გასულ წელს Covid-19 პანდემიის გამო 25–წლიანი პერიოდის განმავლობაში პირველად გახდა აუცილებელი, რადგანაც მრავალთვიანმა საზღვრების ჩაკეტვამ და მკაცრმა რეგულაციებმა ეკონომიკური რეცესია გამოიწვია. საინტერესოა, რომ გაზაფხულზე, როდესაც ინდოეთმა რეცესიიდან გამოსვლა დაიწყო, ქვეყანას ახალი უფრო მძიმე მეორე ტალღა დაატყდა თავს.
თავის საკვირაო მიმართვაში მოდიმ ინდოეთის ენერგოდამოუკიდებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2047 წლისათვის ინდოეთი ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს. „ინდოეთის სწრაფი განვითარებისა და პროგრესისათვის ენერგოდამოუკიდებლობა უპირველესი ამოცანაა“. ცნობისათვის, ინდოეთი ყოველწლიურად ენერგიის იმპორტში $161 მილიარდს ხარჯავს.
მოდიმ ასევე დასძინა, რომ სურს ინდოეთი საკუთარ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული ქვეყანა იყოს და საბოლოოდ გახდეს „გაზზე დაფუძნებული ეკონომიკა“ („gas-based economy“). მისივე განცხადებით, 2030 წლისათვის ინდოეთის რკინიგზამ ნახშირორჟანგის ნულოვან მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს.