ფოტო: Getty Images
ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ მუკეშ ამბანის შვილმა, ანანტ ამბანიმ, კოლუმბიის ხელისუფლებას საჯაროდ მიმართა, უარი თქვას ქვეყანაში გავრცელებული ჰიპოპოტამების განადგურების გეგმაზე და ცხოველების მისი ორგანიზაციისთვის, Vantara-სთვის გადაცემა განიხილოს.
საუბარია კოლუმბიის ველურ ბუნებაში გავრცელებულ დაახლოებით 80 ბეჰემოთზე, რომელთა განადგურებაც ქვეყნის მთავრობამ პოპულაციის ზრდის შეზღუდვის მიზნით გადაწყვიტა. კოლუმბიის გარემოს დაცვის უწყების ინფორმაციით, ეს სახეობა, რომელიც კოლუმბიისთვის არაბუნებრივია, უკვე თითქმის 200 ინდივიდს ითვლის, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას და ადამიანებთან კონფლიქტსაც იწვევს – დაფიქსირებულია მეთევზეებზე თავდასხმის შემთხვევები.
ბეჰემოთები კოლუმბიაში 1980-იან წლებში ნარკობარონმა და კონტრაბანდისტმა, პაბლო ესკობარმა, უკანონოდ შეიყვანა. მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოველები ველურ ბუნებაში გავრცელდნენ და წლების განმავლობაში სწრაფად გამრავლდნენ, განსაკუთრებით მაგდალენას მდინარის მიმდებარედ. მათ ხშირად „კოკაინის ბეჰემოთების“ სახელითაც მოიხსენიებენ.
კოლუმბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების სხვა გზები, მათ შორის კასტრაცია, უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ცხოველების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს. გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ეკოსისტემის დასაცავად აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ არსებობდა $3.5-მილიონიანი გეგმაც, რომელიც 2023 წელს 70 ბეჰემოთის ინდოეთსა და მექსიკაში გადაყვანას ითვალისწინებდა, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელებულა.
ანანტ ამბანის თქმით, ბეჰემოთებს „არ აურჩევიათ, სად დაბადებულიყვნენ“ და თუ მათი გადარჩენის რაიმე ჰუმანური გზა არსებობს, მისი გამოყენება აუცილებელია. ამბანის ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ აქვს შესაბამისი ვეტერინარული გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, რათა ცხოველების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება უზრუნველყოს და მათ მოვლაზე აიღოს პასუხისმგებლობა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას კრიტიკაც მოჰყვა. ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფები Vantara-ს საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი განცხადებით, ცენტრი რეალურად არაფრით განსხვავდება კერძო ზოოპარკისგან. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციამ შესაძლოა ცხოველები უკანონოდ გადაიყვანა და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს არასათანადოდ ეპყრობოდა.
ამბანის ოჯახი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. გასულ წელს ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზაციას არც კანონი დაურღვევია და არც ეთიკური სტანდარტები.
არსებული ინფორმაციით, Vantara-ში ასობით სპილო, დაახლოებით 50 დათვი, 160 ვეფხვი, 200 ლომი, 250 ლეოპარდი, 900 ნიანგი და სხვა ცხოველებია განთავსებული. გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს, რომ მხოლოდ 2024 წელს ორგანიზაციამ დაახლოებით 39,000 ცხოველი შეიყვანა ცენტრის ტერიტორიაზე.
ჰიპოპოტამების კოლუმბიიდან გადაყვანის ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამბანიმ უკვე წარადგინა გეგმა, რომელიც ვეტერინარების ზედამხედველობით ცხოველების დაჭერასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი, რომლის ქონება, Forbes-ის დათვლებით, 97.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.











