Photo Credits to U.S. State Department
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ პასპორტებს გამოუშვებს, რომლებზეც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურათი და მისი ხელმოწერა ოქროსფერი ასოებით იქნება გამოსახული – ეს ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი ესთეტიკური გარდაქმნაა, რომელიც პრეზიდენტის სახეს და სტილს სახელმწიფო სიმბოლიკაში ამკვიდრებს.
მთავარი ფაქტები
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი პასპორტების შიდა გარეკანზე წარმოდგენილი იქნება ტრამპის პორტრეტი, რომელიც მის მეორე ინაუგურაციაზეა გადაღებული, ქვემოთ – ოქროსფერი ხელმოწერა, ფონზე კი – დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
ერთ-ერთ სხვა გვერდზე დამფუძნებელი მამების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის სცენაა გამოსახული.
პასპორტების გამოშვება ივლისში იგეგმება – აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ახალი პასპორტები ვაშინგტონის საპასპორტო სააგენტოში „შეზღუდული რაოდენობით” ნებისმიერი განმცხადებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საინტერესო ფაქტი
ამერიკის ისტორიაში არცერთ პასპორტზე არ გამოსახულა მოქმედი პრეზიდენტის სურათი. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა და პასპორტის ისტორიის ექსპერტმა ედვარდ კოლამ The Bulwark-ს განუცხადა, რომ მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ გამოსახულა ქვეყნის პასპორტზე.
კონტექსტი
ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია ახორციელებს ესთეტიკურ გარდაქმნას – ტრამპის სახელი, სახე და პირადი სტილი სახელმწიფო სიმბოლიკაში ინერგება.
აშშ-ის სახელმწიფო ზარაფხანა (U.S. Mint) ცდილობს მიიღოს ნებართვა $1 ღირებულების 24-კარატიანი ოქროს მონეტის მოჭრაზე ტრამპის გამოსახულებით – ასევე ქვეყნის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა 1 იანვარს ეროვნული პარკების ახალი საშვები გამოუშვა ტრამპის გამოსახულებით. პრეზიდენტმა სხვა ნაბიჯებიც გადადგა სახელმწიფო ქონებაზე მემკვიდრეობის დასატოვებლად: თეთრი სახლის ვარდების ბაღი კარდინალურად გადაკეთდა, აღმოსავლეთი ფრთა კი დიდი საბანკეტო დარბაზის ასაშენებლად დაანგრიეს.
ადმინისტრაცია ასევე გეგმავს 75-მეტრიანი საიუბილეო თაღის აშენებას არლინგტონის სასაფლაოსთან ახლოს – თუმცა ამ პროექტს შეიძლება ნებართვის ხანგრძლივი პროცედურა დასჭირდეს. გარდა ამისა, ჯონ კენედის სახელობის სახელოვნებო ცენტრს გადაერქვა სახელი და უკვე „დონალდ ჯ. ტრამპისა და ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელოვნებო ცენტრი” ჰქვია.















