ინდოეთმა ვაქცინის 1 მილიარდი დოზის ადმინისტრირება მოახერხა

ინდოეთმა ვაქცინის 1 მილიარდი დოზის ადმინისტრირება მოახერხა

იანვრის დასაწყისიდან ამბიციური ვაქცინაციის პროგრამის დაწყების დღიდან, ინდოეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდი დოზა გაკეთდა. სამთავრობო სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში 708 მილიონმა ადამიანმა, მოზრდილი მოსახლეობის 75%-ზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ორივე დოზით კი მოზარდების 30%-ია აცრილი.

საინტერესოა ისიც, რომ ამჟამად ქვეყანაში ვაქცინის დოზის მიღება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოსახლეობას შეუძლია. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ამ წარმატებაში წვლილი თითოეულ ინდოელს მიუძღვის. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებლების, ვაქცინების ტრანსპორტირებაში ჩართული ადამიანებისა და ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალის მიმართ.

ინდოეთი მიზნად ისახავს, რომ წლის ბოლოსათვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა სრულად იყოს ვაქცინირებული. თუმცა სფეროს ექსპერტები ეჭვობენ, რომ სახელმწიფო ამ შედეგის განხორციელებას დროის ამ მონაკვეთში შეძლებს. აღნიშნული ეჭვის გამოთქმის საფუძველს კი ის სტატისტიკა იძლევა, რაც ბოლო დროს ფიქსირდება. ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ მერყევად მიმდინარეობს. მაგალითად, ინდოეთის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასული კვირების განმავლობაში ქვეყანაში დღიურად ხან 10 მილიონი დოზა იხარჯებოდა, ხანაც მხოლოდ 900 000.

950 მილიონი ადამიანის სრულად ასაცრელად, ინდოეთს 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინა სჭირდება. მთავრობისათვის დახმარების გასაწევად საკუთარი წარმოება ადგილობრივმა ვაქცინის მწარმოებლებმაც გაზარდეს. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ინდოეთს დეკემბრის ბოლოსათვის ვაქცინის 2 მილიარდი დოზა ექნება ადმინისტრირებული.