ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა და მოვალეობის შესრულებას 21 ივნისიდან შეუდგება. 

გიორგი ზვიადაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა, ლიტვის Mykolas Romeris და ბრიტანეთის Middlesex უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები. 2016-2017 წლებში ზვიადაძე ვილნიუსში კომპანია Langua Paslauga-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების მენეჯერი იყო, 2012-2017 წლებში საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 

2009 წელს დააფუძნა და 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა კომპანია ”გლობალ სელის,” 2004-2006 წლებში კომპანია ”ჯეოსელში” ინოვაციების და ახალი პროდუქტების კონტრაქტორი-მენეჯერი იყო. არის არაერთი კომპანიის დამფუძნებელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიორგი ზვიადაძეს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. 

„გასული ორი წლის მანძილზე ლიტვაში ვმუშაობდი კვლევაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ინოვაციური ეკოსისტემის პლატფორმის შექმნის, მოდელირების და მართვის შესახებ და მგონია, რომ იმის რეალიზება, რაზეც ვიმუშავე ორი წელიწადი, საქართველოში ყველაზე უკეთ ტექნოპარკში შეიძლება. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ეს ძალიან მაგარი ორგანიზაცია იმსახურებს იმას, რომ მთელი გულით და სულით ვემსახურო მის განვითარებას. მზად ვარ იმისთვის, რომ მთელი ჩემი უნარები, დრო, ენერგია, გამოცდილება მოვახმარო და ის ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რაც ყველაზე უკეთ მესმის“ – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრისას. 

მისი შეფასებით, ქართველების გონებრივი შესაძლებლობები არის ძალიან ძლიერი, ბევრი იდეა არსებობს და ამ იდეების გადაქცევა ბიზნესპროექტებად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. „ასეთმა პროექტებმა სარგებლობა უნდა მოუტანოს არამხოლოდ ტექნოპარკს, არამედ ზოგადად საქართველოს, სადაც იქნება მომგებიანი კლიმატი ამ კუთხით ინვესტირებისთვის. ქართული ინოვაციები არის ბრენდი ბევრი სხვა ქვეყნისთვის და გვინდა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ“ – აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *