ინფლაციისა და ვაქცინაციის გამო IMF 2021 წლის გლობალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს ამცირებს

ინფლაციისა და ვაქცინაციის გამო IMF 2021 წლის გლობალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს ამცირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ფინანსური ინსტიტუტი 2021 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6%-მდე ამცირებს. აღნიშნულის მიზეზად კი გეორგიევა პანდემიის გავლენით გამოწვეულ სავალო და ინფლაციურ რისკებს ასახელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის ახალმა ტალღამ ეკონომიკის აღდგენის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. გარდა ამისა, ვაქცინების უთანასწორო განაწილებამ ძალიან ბევრი სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, ვაქცინების გარეშე დატოვა. ამან კი ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა იქონია.

Bocconi University-ში წარმოთქმული სიტყვისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ განვითარებული ეკონომიკები წარმოების პანდემიამდელ ტემპებს 2022 წლისათვის დაუბრუნდებიან. რაც შეეხება განვითარებად სახელმწიფოებს, იმავე შედეგის მისაღებად  მათ შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკების აღდგენის ტემპები საკმაოდ მაღალი იყო და იტალიისა და ევროკავშირის ტენდენციებიც საკმაოდ პოზიტიურ მონახაზებს აჩვენებდა, საერთო ჯამში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ივლისში მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.

აღნიშნულის მთავარ მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, დიდი რაოდენობით ვალები, სურსათზე ფასების მატება და ვაქცინების ნაკლებობა გახლავთ სწორედ ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც განვითარებადი ქვეყნები დგანან.

გეორგიევა ცენტრალურ ბანკებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ და ეფექტიანად იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება კიდევ უფრო უარესობისაკენ შეიცვლება.