YouTube-ი და Google-ი კლიმატის ცვლილების უარყოფის შემცველ რეკლამას აკრძალავენ

YouTube-ი და Google-ი კლიმატის ცვლილების უარყოფის შემცველ რეკლამას აკრძალავენ

კლიმატის ცვლილების უარყოფის შემცველი რეკლამა Google-ის სხვადასხვა საიტზე აღარ განთავსდება და მეტიც, ასეთი კონტენტისათვის მათ გამავრცელებლებს მონეტიზაციის ფუნქცია შეუჩერდებათ, – ამის შესახებ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხუთშაბათს განაცხადა. საუბარია ისეთ მასალაზე, რომელიც კლიმატის ცვლილების არსებობისა და მისი მიზეზების შესახებ არსებულ საყოველთაოდ აღიარებულ სამეცნიერო კონსენსუსს ეწინააღმდეგება.

Google-ის განცხადებით ირკვევა, რომ კომპანია ამა თუ იმ განცხადების კონტექსტს დეტალურად შეისწავლის და ერთმანეთისგან განასხვავებს ისეთ მასალას, რომელშიც მისი ავტორი ტყუილს ფაქტად ასაღებს და ისეთს, რომელშიც დებატის ელემენტი იქნება. თავისთავად ცხადია, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და მის საწინააღმდეგოდ გადასადგმელი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ არსებულ მასალას, Google-ი მონეტიზაციის ფუნქციას არ გამოურთავს.

სხვადასხვა ტიპის მასალის ერთმანეთისგან გასარჩევად Google-ი ადამიანურ რესურსს და ავტომატიზებულ ხელსაწყოებს გამოიყენებს. ცნობისთვის, კომპანიის ეს ახალი წესი ძალაში ნოემბრიდან შევა.