ბრექსიტის გამო Intel-ი გაერთიანებულ სამეფოში ჩიპების ქარხანას აღარ ააშენებს

ბრექსიტის გამო Intel-ი გაერთიანებულ სამეფოში ჩიპების ქარხანას აღარ ააშენებს

Intel-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკული ჩიპების მწარმოებელი ბრექსიტის გამო გაერთიანებულ სამეფოში ქარხნის აშენებას აღარ აპირებს. ბრექსიტამდე პეტ გელსინგერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია საკმაოდ რელევანტური ადგილი იქნებოდა, თუმცა ბრექსიტის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან მხარდაჭერის მიღების გამო, კომპანია შესაფერის ვარიანტს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეძებს.

ავტოინდუსტრიასა და ტექნოლოგიურ სფეროში ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო Intel-ს მათი წარმოების გაზრდა სურს.  ნახევარგამტარების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის თანახმად, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ტერიტორია ზედმეტადაა დამოკიდებული აზიურ ბაზარზე, რაც მთელ რიგ პრობლემებს ქმნის.

სწორედ ამიტომ, Intel-ი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ქარხნების გახსნისა და გაუმჯობესების  და შეერთებულ შტატებში წარმოების გაზრდის მიზნით, დამატებით 95 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ოპერაციებისთვის  დიდი ბრიტანეთი ყველაზე შესაფერის ტერიტორიად ითვლებოდა, თუმცა ბრექსიტმა ეს შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიკროჩიპები ტექნოლოგიური მოწყობილობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს  წარმოადგენს. ისინი ფართოდ გამოიყენება მილიონობით პროდუქტის წარმოებაში, ავტომანქანებით დაწყებული, სარეცხი მანქანებით დამთავრებული. თუმცა მიმდინარე წელს მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემებისა და გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ნახევარგამტარები უაღრესად დეფიციტურ პროდუქტად იქცა. თავდაპირველად ჩიპების დეფიციტმა მძიმე გავლენა სმარტფონების ინდუსტრიაზე იქონია, ახლა კი ავტოინდუსტრიას აზარალებს.