ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გლობალურ რეიტინგში საქართველო 92-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გლობალურ რეიტინგში საქართველო 92-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Broadband Choices-ი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობის განახლებულ ინდექსს აქვეყნებს.

კვლევის პროცესში ძირითად ინდიკატორებად განიხილებოდა: ინტერნეტის დაფარვის ზონა, სიჩქარე, სტაბილურობა, ფასი და 1 გიგაბაიტის ხელმისაწვდომობა.

გლობალური რეიტინგის სათავეში დანიაა, სადაც გადმოწერის სიჩქარე 69.4 მეგაბაიტ/წამს შეადგენს, თვიური დანახარჯი კი 47.8 დოლარის ფარგლებშია, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მშპ-ის გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებელი ხელმისაწვდომად მიიჩნევა.

რეიტინგში მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, აქ სიჩქარე შედარებით დაბალი, 27.4 მბ/წამია და გადასახადი 62.4 დოლარს აღწევს, თუმცა დაფარვის სიხშირე და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მესამე ადგილზე ლიხტენშტაინია, მეოთხე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, მეხუთეზე კი ავსტრალიაა.

მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე სწორედ ლიხტენშტაინში ფიქსირდება, სადაც ის 75.7 მბ/წამს შეადგენს.

რეიტინგის ბოლოში მავრიტანიაა, სადაც ინტერნეტის ფასი 742 დოლარს შეადგენს, მისი სიჩქარე კი 1.2 მბ/წამია.

მსოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტი ეთიოპიასა და გვინეაშია – 0.2 მბ/წამი.

რაც შეეხება საქართველოს, წელს ის გლობალურ რეიტინგში 5 პოზიციით ჩამოქვეითდა და ამჟამად 92-ე ადგილს იკავებს. ინტერნეტის სიჩქარე 5.3 მბ/წამს შეადგენს, ყოველთვიური საშუალო საფასური კი 13.3 დოლარია.

რეიტინგში საქართველოსთან ყველაზე ახლოს კვიპროსი, მექსიკა, იორდანია, პარაგვაი და ერაყი არიან.

რეგიონში შემდეგი ვითარებაა: თურქეთი (#26), რუსეთი (#29), აზერბაიჯანი (#72), სომხეთი (#84).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *