ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-8 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-8 პაკეტი დაამტკიცა

რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების შემდეგ, ევროკავშირმა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციათა მე-8 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაწესებას, ასევე სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა წრის გაფართოებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ირკვევა, სანქციათა ახალი პაკეტით გაფართოვდა აკრძალული საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი და განისაზღვრა წესი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას უკრძალავს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა ახლა მიიღო, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში შეათანხმეს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზღვრული ფასი პრობლემის გლობალურ გადაწყვეტილებადაა მიჩნეული, რომელსაც გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზეც ექნება და არამხოლოდ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოებზე.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება ერთადერთი მექანიზმი არ არის, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული სახელმწიფო მანქანის შეზღუდვა სურთ – შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო, ჯერ კიდევ მაისში დააწესა. „ზღვრული ფასი რუსეთს შემოსავალს შეუმცირებს და გლობალურ ენერგობაზარს სტაბილურობას მოუტანს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სექტემბრის ბოლოს.

სანქციათა მე-8 პაკეტს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ანექსიაზე გაამახვილა ყურადღება. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ სანქციათა მე-8 პაკეტზე შეთანხმებას მივესალმები. ჩვენ სწრაფად და დამაჯერებლად ვიმოქმედეთ. პუტინის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმს და უკრაინის ნებისმიერი ფორმით ანექსირებას არასდროს ვაღიარებთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ რუსეთმა ფასი გადაიხადოს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *